Saturday, September 17, 2011

”ოპელ RAK e” ხელმისაწვდომი ელექტრომობილი



ერთ-ერთი იშვიათ ავტომწარმოებელთაგანი, რომელიც ფრანკფურტისთვის მომზადებულ სიახლეს შოუს გახსნამდე ჯიუტად, საიდუმლოდ ინახავდა, ”ოპელია”. მართალია, გერმანულმა კომპანიამ ადრევე განაცხადა, რომ ”რადიკალურად ახალი ოპელი” აქვს მომზადებული, მაგრამ მასზე არც მცირე ინფორმაცია დასცდენია და არც ტიზერები გაუვრცელებია. წარმოდგენაც კი არავის ჰქონდა იმაზე, თუ რა ტიპის ავტომობილზე იყო ლაპარაკი.
მოტორ შოუს გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, ”ოპელიც” გამოტყდა - ინტერნეტით სწორედ ამ ავტომობილის ფოტოები გაავრცელა და გაგვანდო, რომ ის ელექტრომობილია. ფრანკფურტში კი ის სახელითაც გაგვაცნო - პატარა ავტომობილს RAK e ჰქვია. გერმანული კომპანიის ბალტიისა და ახალი ბაზრების საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ანდრაშ სალდომ განგვიმარტა, რომ სახელში RAK იმ სარეკორდ ავტომობილ-რაკეტას უკავშირდბა, რომელიც ”ოპელმა” გასული საუკუნის დასაწყისში დაამზადა. ამგვარად, რიუსელსჰაიმელებს იმის თქმა უნდათ, რომ მათი კომპანია ისევე სწრაფად ვითარდება, როგორც RAK ხმელეთზე გადაადგილდებოდა...


ავტომობილი ძალიან პატარაა და აღნაგობით ის ”ფოლკსვაგენის” და ”აუდის” კონცეპტუალურ ჯუჯა ელექტრომობილებს მოგვაგონებს, რომლებიც პირველად ასევე ფრანკფურტში გვიჩვენეს. 
RAK e ფოლადს მილებისგან შეკრულ სივრცულ სტრუქტურას ეყრდნობა, ძარა კი სინთეტური მასალისგანაა დამზადებული. ამ იაფი მასალების გამოყენების მთავარი მიზეზი ისაა, რომ ავტომობილი მაქსიმალურად იაფი დაჯდეს. ამის მიუხედავად, ავტომობილი მაინც ძალიან მსუბუქი გამოვიდა - მხოლოდ 380 კილოგრამს იწონის, რაც 80 კილოგრამით ნაკლებია მისი ზომის ”ფოლკსვაგენ ნილსის” წონაზე. RAK e-ს სიგრძე თითქმის სამი მეტრია, სიმაღლე კი - 1.190 მეტრი. მასში მხოლოდ ორი სავარძელია, რომლებიც ტანდემადაა განლაგებული.
RAK e ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლის ნომინალური სიმძლავრე 14 ცხენის ძალა, პიკური სიმძლავრე კი 49 ცხენის ძალაა. ძრავს ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი ამარაგებს, რომლის ტევადობაც 5 კილოვატსაათია. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა 100 კილომეტრამდე გაიაროს. ტესტების დროს, აკუმულატორები სრულად სამ საათში იმუხტება და გერმანული ტარიფებით, ეს მხოლოდ 1 ერთი ევრო ჯდება.
”ოპელის” გამოთვლებით, თუ ავტომობილი წლიურად 10 000 კილომეტრს გადის, მას 525 კილოვატსაათი ელექტროენერგია დასჭირდება. ამ მოცულობის გამომუშავება კი 5 კვადრატული მეტრი ფართის მზის 500-ვატიან პანელს შეუძლია, რომელიც თავისუფლად მოთავსდება გარჟის სახურავზე. დაკიდევ, ”ოპელი” გვამცნობს, რომ RAK e-ს მაქსიმალური სიჩქარე სულ რაღაც, 120 კმ/სთ-ია, ადგილიდან ასის აკრეფა კი მას 13 წამზე ნაკლებში შეუძლია.
სარეკორდო ოპელ RAK
გერმანული კომპანია გვპირდება, რომ მისი პატარა ავტო, პირველ რიგში, ახალგაზრდა მყიდველისთვისაა განკუთვნილი და ამ მანქანით, საქალაქო ტრანსპორტის რევოლუცია დაიწყება. ამასთან, RAK e ძალიან იაფი ეღირება. დაბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი - რიუსელსჰაიმელები ირწმუნებიან, რომ ამ ავტომობილს ”წარმოების პოტენციალი გააჩნია”.

No comments:

Post a Comment