Saturday, September 17, 2011

”იაგუარ C-X16” - ჰიბრიდული დიდი კატა

”ოპელისა” არ იყოს, ”იაგუარსაც” ფრანკფურტისთვის საპრემიეროდ მომზადებული კონცეპტუალური ავტომობილის (სახელად C-X16) ერთადერთი ტიზერი და მწირი ინფორმაცია ჰქონდა გამოქვეყნებული. თუმცა, ის ფრანკფურტის შოუს გახსნამდე (13 სექტემბერს) მაინც გაგვაცნო. მაშინვე გამოითქვა ვარაუდი, რომ ეს ავტომობილი წარმოებისთვისაა მომზადებული და ის კონკურენციას ”პორშე 911-ს” გაუწევს.
ახალი ავტომობილის პრეზენტაცია მეტად პომპეზური გამოდგა. ორგანიზატორებმა 50 ცალი კლასიკური იაგუარი ერთ გრძელ პელოტონში ჩააბეს. სვლამ სტარტი ვილა კენედისთან აიღო და პალას ტურნ ენდ ტაქსისთან დასრულდა, სადაც C-X16 მედიას წარუდგინეს.
ინგლისური კომპანია C-X16-ს, ”ნამდვილი მძღოლების სპორტულ ავტომობილს” უწოდებს. ამასთან, ის ლეგენდარული E-ტაიპის ტრადიციების გამგრძელებელი უნდა გახდეს. ეს არის ორადგილიანი ავტომობილი, რომელიც ”იაგუარის” მიერ 1954 წლის შემდეგ (მოდელი XK120) გამოშვებულ ავტომობილებს შორის ყველაზე პატარაა. ის მომავალი თაობის XK-ს ალუმინის შასის დამოკლებულ ვერსიაზეა აგებული. მისი გაბარიტებია: სიგრძე 4 445 მილიმეტრი, სიგანე 2 048 მილიმეტრი, სიმაღლე 1 297 მილიმეტრი და ბორბლებს შორის ბაზა - 2622 მილიმეტრი.
წაგრძელებული კაპოტის ქვეშ მოთავსებულია ჰიბრიდული აგრეგატი, რომელიც 3.0-ლიტრიან მექანიკურ დამჭირხნიან ბენზინის V6 ძრავსა (380 ცხენის ძალა და 450 ნიუტონმეტრი) და ელექტრული ძრავა გენერატორს აერთიანებს. შიდაწვის ძრავთან 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფია შეწყვილებული, რომელიც გადამუშავებულ მაბრუ ძალას, უკანა ბორბლებს გადასცემს.
ელექტროძრავს ენერგიით აკუმულატორის ბლოკი ამარაგებს, რომლის ტევადობაც სულ რაღაც 1.6 კილოვატსაათია და რომელიც სავარძლების უკანაა მოთავსებული. აკუმულატორს ელექტრული ძრავი/გენერატორი მუხტავს. იმავდროულად, ეს ძრავი ჰიბრიდული სისტემის სიმძლავრესა და მაბრუნ მომენტს, შესაბამისად, 95 ცხენის ძალით და 235 ნიუტონმეტრით ზრდის. ავტომობილი ასევე აღჭურვილია სისტემა კერს-ით (კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა).
კერს-ის (ამ სისტემაშია ინტეგრირებული ელექტრო ძრავი/გენერატორი) ამოქმედება საჭეზე დატანილი ისეთივე ღილაკითაა შესაძლებელი, როგორებსაც ფორმულა 1-ის ბოლიდებზე იყენებენ. ამ ღილაკზე დაწოლისთანავე, კერს-ი ავტომობილს დამატებითი ძალით უზრუნველყოფს და მის დამატებით აჩქარებას იწვევს.
”იაგუარის” განცხადებით, კონცეპტუალური C-X16 1 600 კილოგრამს იწონის და ეს წონა წინა და უკანა ღერძებს შორის, თანაბრადაა განაწილებული. ესოდენ სოლიდური წონის მიუხედავად, ავტომობილს ნულიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 4.4 წამში შეუძლია, 80-დან 120 კმ/სთ სიჩქარეს 2.1 წამში აღწევს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 299 კმ/სთ-ია.
ბრიტანული კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ რელიზში აღნიშნულია, რომ ავტომობილს 80 კმ/სთ სიჩქარემდე მოძრაობა მხოლოდ ელექტროძრავით შეუძლია, შერეული ციკლით გადაადგილებისას კი, ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში 165 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.
რაც შეეხება C-X16-ის სტილს, ის იან კალუმის შემოქმედებაა. მისი შეხედვისას, უპირველესად პარიზის შარშანდელ ავტო შოუზე წარმოდგენილი კონცეპტუალური C-X75 გაგახსენდებათ, თუმცა წინა ნაწილით, ის ალბათ XK-საც მოგაგონებთ. კალუმი ამბობს, რომ ეს ავტომობილი წინა მოდელების ევოლუციაა და ამ ახალი დიზაინით, კომპანია მივიწყებულ ძველ საფუძვლებს უბრუნდება, რომლებიც აქცენტის სპორტული ავტომობილების წარმოებისკენ გადატანას მოასწავებს.

No comments:

Post a Comment