Thursday, September 15, 2011

”ტუბიკი” - გალური შევრონის კოსმოსური რეტრო

ამ მანქანაზე რა უნდა თქვა ისეთი, რომ ემოცია სრულად გამოხატო... ის საკმაოდ უშნოცაა და იმავდროულად, აღტაცებასაც კი იწვევს. რაც მთავარია, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ დიზაინერთა ფანტაზიას სასრული არ აქვს.

თქვენი არ ვიცი და ეს ავტომობილი სერიულად რომ გამოუშვან, უამრავ ფანს გაიჩენს. მითუმეტეს, ძველი ”ტუბი” ერთ დროს საფრანგეთის და ევროპის ქალაქების ქუჩებში, ნამდვილ მუშა ცხენად მუშაობდა. და ხომ იცით ნოსტალგიის ამბავი? - ძველს, თუნდაც უშნოს და დაბრეცილს, ალბათ ახლაც მისტირიან. მოკლედ, ”სიტროენს” შეუძლია, ამ მანქანის თაყვანისმცემლები არამარტო კონცეპტუალური მოდელით, არამედ სერიული ავტომობილითაც გააბედნიეროს.
”ტუბიკის” სალონში ადგილი 9 სავარძლისთვის გამოინახა. თუმცა, აუცილებელი არაა, რომ იქ ამდენი მგზავრი ჩაჯდეს. სამაგიეროდ, სალონს ტრანსფორმირების უნარი აქვს და გარდა იმისა, რომ ქალაქგარეთ გასვლისას, კარვის საჭიროებას მოგიხსნით, შეუძლია ოფისის მოვალეობაც შეასრულოს და საძინებლისაც.
”ტუბიკს” მამოძრავებელ ძალას ”პეჟოს” დიზელ-ელექტრული სისტემა ”ჰაიბრიდ4” ანიჭებს. ამ სისტემაში, შიდაწვის ძრავი წინა ბორბლებს ემსახურება, ელექტროძრავი კი - უკანებს. უდაოა - ეს ავტომობილი გამოფენის ერთ-ერთი შოუსტოპერია...

No comments:

Post a Comment