Monday, September 19, 2011

i8 – ”ბეემვეს” პირველი ელექტრული სუპრავტომობილი

თუ i3 საქალაქო ავტომობილია, i8 სპორტული სტილის მიმდევრებისთვისაა განკუთვნილი. ორი წლის წინ, ამ ავტომობილის კონცეპტუალური წინაპარი, სახელად ”ვიჟნ ეფიშნტდაინემიქსი”, ასევე ფრანკფურტში გაგვაცნეს. მაშინ ის უპირველესად, დიზაინის და აეროდინამიკის ასპექტში იყო ექსპერიმენტული ავტომობილი. დრეს კი წინასერიული ვერსიაა სრულიად ახალი ქვებრენდის - i-ს სპორტული ავტომობილისა, რომელიც ბაზარზე ორ წელიწადში გამოვა.
i3-სგან განსხვავებით, ამ ავტომობილის კარბონის თხელი და მსუბუქი ”კანის” ქვეშ, ჰიბრიდული დანადგარი იმალება, რომელშიც ელექტროძრავი და შიდაწვის ძრავია გაერთიანებული. ოღონდ, იგივე ელექტროძრავი, რაც i3-შია გამოყენებული, ამჯერად ავტომობილის წინა ნაწილში განლაგდა და ის თავის მაბრუნ მომენტს, ორსაფეხურიანი ტრანსმისიის გავლით, წინა ბორბლებს გადასცემს. შიდაწვის აგრეგატი კი 1.5-ლიტრიანი სამცილინდრიანი ტურბოძრავია, რომელიც უკანა ბორბლებს ატრიალებს.
ძალური დანადგარის ჯამური სიმძლავრე 349 ცხენის ძალას აღწევს, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 550 ნიუტონმეტრია. ამგვარად, ავტომობილი წინა თაობის M3-ზე მძლავრი გამოვიდა. ამის შედეგი ისაა, რომ მას ადგილიდან სტანდარტული აჩქარება 4.6 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი ხელოვნურადაა შეზღუდული და 250 კმ/სთ-ია. ბავარიელთა მონაცემებით, i8-ს 100 კილომეტრის გასავლელად, 2.7 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის.

No comments:

Post a Comment