Monday, September 26, 2011

”ოპელ RAK e” მწვანე შუქს ელის

”ოპელის” ისტორია 1862 წელს დაიწყო, როცა კომპანიამ საკერავი მანქანების წარმოებას მიჰყო ხელი. ტრანსპორტში მისი პირველი გამოჩენა ველოსიპედებს უკავშირდება, 1899 წელს კი გერმანულმა კომპანიამ პირველი ავტომობილი გამოუშვა. ამგვარად, ”ოპელი” ყველაზე ძველი კომპანიაა ”ჯენერალ მოტორსის” ოჯახში.
”ოპელის” ისტორიის მოშველიება იმისთვის დაგვჭირდა, რომ ეს კომპანია არასდროს უფრთხოდა სიახლეებს. ასე განსაჯეთ, 1928 წელს, მისმა ინჟინრებმა სარეკორდო ავტომობილი რაკეტა RAK 2 შექმნეს, რომელიც მყარსაწვავიანი სარაკეტო მინიძრავებით იყო აღჭურვილი. ამ მანქანის მიზანი სიჩქარის რეკორდის დამყარება იყო და ამ მიზანს მიაღწია კიდეც.
ახლა კი, ფრანკფურტის მოტორ შოუზე, რიუსელსჰაიმელებმა კიდევ ერთი სიახლე (კონცეპტუალური) წარმოადგინეს, რომელმაც მათი განცხადებით, მალე ქალაქში გადაადგილების ძირეულ ცვლილებას უნდა შეუწყოს ხელი. ამ ავტომობილის სახელია RAK e. ის ელექტრომობილია, რომელსაც უკანა ბორბლები შეწყვილებული აქვს.
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ეს არის პერსონალური ავტომობილი, რომელიც საშუალო შემოსავლის მოქალაქეებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. დაბალი ფასის მისაღწევად, ის ფოლადის მილებისგან შეკრულ სივრცულ ჩარჩოზე ააგეს. ”ოპელი” ირწმუნება, რომ ამ ავტომობილის შეძენა ახალგაზრდა მყიდველსაც არ გაუჭირდება.
1+1-ადგილიან ელექტრომობილს მამოძრავებელ ძალას 49-ცხენისძალიანი ელექტროძრავი ანიჭებს, რომელსაც ენერგიით 5-კილოვატსაათი ტევადობის მქონე ბლოკი ამარაგებს. ეს კი საკმარისია იმისათის, რომ ავტომობილმა აკუმულატორის ერთი სრული დამუხტვით დაახლოებით 100 კილომეტრის გავლა შეძლოს. ამგვარად, ამ ავტომობილით 100 კილომეტრის გავლა RAK e-ს 1 ევრო ჯდება.
და, რაც მტავარია, ”ოპელი” RAK e-ს წარმოებას აპირებს...

No comments:

Post a Comment