Monday, October 24, 2011

ფორმულა 1 ნიუ იორკს ეწვევაფორმულა 1 ნიუ იორკს ეწვევა

Formula One Is Coming to New Jersey in 2013
24 ოტომბერი
ინფორმაციას, რომელსაც „უოლ სტრიტ ჯორნელი“ ავრცელებს, დაეჯერება ხოლმე. ამერიკული გამოცემა ამჯერად ორ ინკოგნიტო წყაროს იშველიებს და გვამცნობს, რომ მალე ფორმულა ერთის კალენდარში, ერთდროულად ორი ამერიკული ეტაპი გაჩნდება. ერთს მერმისს ვიხილავთ შტატ ტექსასის ქალაქ ოსტინის მახლობლად, მეორეს კი - 2013 წლის სეზონში, ნიუ იორკის ქუჩებში.
ამ თემაზე, სპეციალურ პრესკონფერენციას ფ1-ის მესვეურები სამშაბათს ჩაატარებენ. მანამდე კი ცნობილია მხოლოდ ის, რომ რბოლა ნიუ იორკის ქუჩებში, მდინარე ჰადსონის ნაპირზე, ცათამბჯენების ფონზე ჩატარდება. თარიღად ივნისია შერჩეული, კანადური ეტაპის შემდეგ.
ნიუ იორკის რბოლის ინიციატივა, ბერნი ეკლსტოუნის გარდა, ამერიკელ ბიზნესმენ ლეო ჰინდრი უმცროსს ეკუთვნის, ადამიანს, ვინც ერთ დროს, სატელევიზიო არხ „YES ნიტუორკის“ (YES - იანკიზ ინტერტაინმენტ ენდ სპორტს) მთავარი აღმასრულებელი იყო. ეს საკაბელო არხია და ის სპორტულ გადაცემებზეა სპეციალიზებული.
ამჟამად, ფ1-ის კალენდარში 19 ეტაპია, რომელთაგან მონტე კარლოს, ვალენსიასა და სინგაპურის ეტაპები, ქალაქის ქუჩებში ტარდება. ამერიკამ ბოლოს ფ1-ს 2007 წელს, ინდიანაპოლისში უმასპინძლა. შარშან კი გადაწყდა, რომ დიდი პრიზების ცირკი ამერიკის მიწას დაუბრუნდება. ოღონდ, მაშინ ლაპარაკი იყო მხოლოდ ოსტინის ეტაპზე, ტრასაზე, რომელიც ჯერ არ აშენებულა. ტრასის პროექტი 250 მილიონ დოლარადაა შეფასებული და მისი მშენებლობა მალე დაიწყება.
რაც შეეხება ნიუ იორკს, ადრე იყო ლაპარაკი იმაზე, რომ რბოლა ავტოდრომ მონტიჩელოზე ჩატარებულიყო, თუმცა ეკლსტუნი არასდროს მალავდა, რომ ურჩევნია, რბოლა ქალაქის ცათამბჯენების ფონზე ჩატარდეს.

No comments:

Post a Comment