Monday, October 24, 2011

რაიკონენი ფორმულა ერთს უბრუნდება?

Williams goes to Qatar as Raikkonen rumours intensify
24 ოტომბერი
ფინური გაზეთი „ილლტა სანომატი“ იტყობინება, რომ შესაძლოა, კიმი რაიკონენს და „უილიამსს“ უკვე გაფორმებული აქვთ კონტრაქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ სეზონში, მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონს დიდი პრიზების ცირკში კვლავ ვიხილავთ. გაზეთი აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია „სიმტეკის“ და „ფუტუორკის“ ყოფილი პილოტის, იაპონელი ტაკი ინუესგან მიიღო.
სამიოდ კვირის წინ, „ილლტა სანომატი“ გვამცნობდა, რომ „უილიამსის“ და რაიკონენის გარიგება იმაზე იყო დამოკიდებული, გახდებოდა თუ არა ინგლისური საჯინიბოს გენერალური სპონსორი ყატარის ეროვნული ბანკი. მას შემდეგ, გუნდის დამაარსებელი და თანამფლობელი ფრენკ უილიამსი ყატარსაც ეწვია და საუდის არაბეთსაც და როგორც ინუე ამბობს, იქიდან კონტრაქტებით ხელდამშვენებული დაბრუნდა.
პარალელურად, რაიკონენის ფიზმომზადების მწვრთნელი მარკ არნელი ამბობს, რომ კიმიმ ვარჯიშების ინტენსივობა გაზარდა. ამასთან, იმ ტიპის ვარჯიშებზე გადავიდა, როგორიც რალის მრბოლებს არ სჭირდებათ, ფორმულა ერთი მრბოლებისთვის კი სასურველია.
როგორც ცნობილია, რაიკონენმა ფ1-ის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 2007 წელს, „ფერარის“ ბოლიდით მოიპოვა. მაგრამ 2009 წლის სეზონის შემდეგ, დიდი პრიზების არენა მიატოვა და რალის მსოფლიო ჩემპიონატზე გადაბარგდა. ამ სეზონის დასაწყისში კი ამერიკული ნასქარ-ის სერიის ორ რბოლაშიც იასპარეზა.
სხვათა შორის, თუ რაიკონენი მართლაც დაბრუნდება, მომავალ სეზონში, ტრასაზე ერთდროულად მსოფლიოს 6 ჩემპიონს ვიხილავთ ხოლმე...

No comments:

Post a Comment