Tuesday, October 11, 2011

”ფოლკსვაგენის” გაყიდვები სექტემბერში 13.7 პროცენტით გაიზარდა

VW brand sales rise 13.7% on China, N. America growth
11 ოქტომბერი
მსოფლიო ბაზარზე ”ფოლკსვაგენის” ავტომობილების გაყიდვები სექტემბერში 13.7 პროცენტით გაიზარდა. სულ ვოლფსბურგული ბრენდით მთელს მსოფლიოში 472 100 ავტომობილი გაიყიდა.
მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში, ”ფოლკსვაგენმა” მარტო საკუთარი ბრენდით, უკვე 3.81 მილიონი ავტომობილის გაყიდვა მოასწრო, რაც შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელზე 12.3 პროცენტით მეტია. გაყიდვების ზრდა პრაქტიკულად ყველა ბაზარზე დაფიქსირდა, თუმცა ყველაზე მეტი მოთხოვნილება, ამ კომპანიის ავტომობილზე ჩინეთშია გაზრდილი.
მართალია, მსოფლიო ეკონომიკას კვლავ კლების ნიშნები ეტყობა, მაგრამ ”ფოლკსვაგენის” გაყიდვები ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით იზრდება, რაც განვითარებად ბაზრებზე, განსაკუთრებით ჩინეთში მოთხოვნის ზრდამ განაპირობა. ”ფოლკსვაგენის” ავტომობილები კარგად იყიდება ჩრდილოეთ ამერიკაშიც, სადაც ყველაზე მეტად, ახალ ”ჯეტას” და ამერიკაში წარმოებულ ”პასატს” ყიდულობენ.
პირველ ცხრა თვეში, ყველაზე მეტი ავტომობილი ჩინურ ბაზარზეა გაყიდული. კერძოდ, იქ 1.29 მილიონი ავტომობილი გაიყიდა, რაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11 პროცენტით მეტია. ზრდა გაცილებით მეტია ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც მართალია ”მხოლოდ” 362 000 ავტომობილია გაყიდული, მაგრამ ზრდამ 22.2 პროცენტი შეადგინა. გაცილებით მეტი ”ფოლკსვაგენი” შეიძინეს სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, სადაც 579 400 ავტომობილია გაყიდული, ეს კი 6.1-პროცენტიანი ზრდის ტოლფასია.
ჯერჯერობით, ”ფოლკსვაგენისთვის” უდიდესი ბაზარი ევროპაა, სადაც 1.3 მილიონი ავტომობილია გაყიდული, ანუ შარშანდელზე 9.9 პროცენტით მეტი. მაგრამ ცინური და ევროპული ბაზრების ზრდის ტემპებს თუ შევადარებთ, მალე პირველი ”ფოლკსვაგენის” მთავარი ბაზარი გახდება. მითუმეტეს, ევროპულ ეკონომიკას უახლოეს პერიოდში მძიმე გამოცდა ელის.
ევროპაში გაყიდული ავტომობილებიდან, 695 900 ცალი დასავლეთ ევროპაზე მოდის. თუმცა, ამ რიცხვში არ შედის გერმანიის ბაზარი, რომელიც ევროპაში უდიდესია. დასავლეთ ევროპის ბაზარზე ზრდა 4.2 პროცენტია. ზრდის მაჩვენებელი ყველაზე შთამბეჭდავია (46 პროცენტი) აღმოსავლეთ ევროპაში, თუმცა, იქ ”მხოლოდ” 151 300 ”ფოლკსვაგენია გაყიდული. რაც შეეხება გერმანიას, იქ ვოლფსბურგელებმა 449 600 ავტომობილი გაჰყიდეს, ანუ შარშანდელზე 10.1 პროცენტით მეტი.
შეგახსენბთ, რომ ”ფოლკსვაგენი” 2018 წლისთვის მსოფლიო ლიდერობას გეგმავს. გაყიდვებში მან უნდა გადაასწროს ახლანდელ ლიდერ ”ტოიოტას”, რომელსაც იაპონიაში, მარტში მომხდარი კატაკლიზმების გამო, გაყიდვები ძლიერ შეუმცირდა. ამის გამო, დიდია ალბათობა იმისა, რომ ის მსოფლიო ლიდერობას დაკარგავს და ამ საპატიო წოდებას, ”ჯენერალ მოტორსი” დაიბრუნებს.
შარშან ”ფოლკსვაგენმა” და მის ჯგუფში შემავალმა კომპანიებმა, მთელს მსოფლიოში 7.14 მილიონი ავტომობილი გაჰყიდეს. ”ტოიოტას” ანალოგიური მაჩვენებელი 8.42 მილიონი იყო, ”ჯენერალ მოტორსისა” კი - 8.39 მილიონი.

No comments:

Post a Comment