Thursday, October 6, 2011

კონცეპტუალური ”აუდი A2” - ელექტრომობილი ლაზერით

იქით ”მერსედესის” წყალბადის ბომბი, აქეთ ”აუდის” ლაზერიანი ელექტრომობილი... არა, მესამე მსოფლიო ომს გერმანელები არ აპირებენ. ფაქტი ისაა, რომ როგორც იქნა, ინგოლშტადტელებმა A2-ის კონცეპტუალური დიზაინი გვაჩვენეს, რომელმაც სპეციალისტთა მოწონება დაიმსახურა. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ავტომობილი მომზადებისას, მასში ბევრი არასერიული ტექნოლოგია გამოიყენეს, რისი მიზანიც, ყურადრების მიქცევა იყო.
მაგალითად, ასეთია უკანა სამკუთხა ფარების ლაზერული განათება, რომლის დანიშნულებაც, ნისლში ავტომობილის გარჩევადობის გაუმჯობესებაა. გარდა ამისა, საინტერესოა მავთულით მართვადი მუხრუჭები და საჭის მექანიზმი. ორივე სისტემას მძღოლთან მექანიკური კავშირი არ აქვს და მათ მთლიანად ელექტრონიკა აკონტროლებს.
აღარაა სალაპარაკო ის, რომ ავტომობილს ელექტროძრავი ამოძრავებს. მისი მაქსიმალური სიმძლავრე 115 ცხენის ძალაა, მასთან ერთსაფეხურიანი ტრანსმისიაა დაკავშირებული. ძრავს ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი ამარაგებს, რომლის ტევადობაც 31 კილოვატსაათია. ავტომობილი 1150 კილოგრამს იწონის და მას სრული დამუხტვით, დაახლოებით 260 კილომეტრის გავლა შეუძლია. ელექტრონულ A2-ს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 9.3 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 150 კმ/სთ-ია.

No comments:

Post a Comment