Thursday, October 6, 2011

ხორვატული სუპერ ელექტრომობილი


”რიმაკ აუტომობილი” - ასე ჰქვია ხორვატულ კომპანიას, რომელმაც ფრანკფურტის შოუზე ელექტრონული სუპერ ავტომობილი, სახელად ”კონცეპტ ვან” წარადგინა. დიდი კომპანიებისგან განსხვავებით, რომლებსაც საგამოფენო კომპლექსის საუკეთესო ადგილები ჰქონდათ დაქირავებული, ხორვატები სათადარიგო ნაწილების მწარმოებლების სექტორის უკან იყვნენ შეყუჟულნი, თუმცა მათმა ქმნილებამ დიდი აჟიოტაჟი კი გამოიწვია.

სუპერ ავტომობილის მონაცემების მქონე ელექტრომობილები უკვე აღარავის აკვირვებს. მაგრამ როდესაც გაიგებ, რომ 1088-ცხენისძალიანი მონსტრი უცნობმა კომპანიამ შეიმუშავა და შესანიშნავადაც გააფორმა, ძნელია, გაკვირვება არ გამოხატო. და ფრანკფურტში შოუზე ასეთი გაკვირვებული ათასობით დამთვალიერებელი და უამრავი სპეციალისტი დარჩა.
ავტომობილი ალუმინისგან შეკრულ ჩარჩოს ეყრდნობა, მასზე კი კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული ძარა მაგრდება. ”კონცეპტ ვანს” მამოძრავებელ ძალას ოთხი ელექტროძრავი ანიჭებს, რომლებიც თავთავიანთ ბორბლებს ემსახურებიან. ყოველ ძრავს თავისი ინვერტორი და მინი-ტრანსმისია აქვს. მათი ჯამური სიმძლავრე 1088 ცხენის ძალაა, მაბრუნი მომენტი კი - 3790 ნიუტონმეტრი.
ძრავებს ენერგიით ლითიუმ-ფეროფოსფატის ელემენტების ბლოკი კვებავს, რომლის ტევადობაც 92 კილოვატსაათია. ”რიმაკის” რელიზში წერია, რომ ამ აკუმულატორის წყალობით, ავტომობილს გაუჩერებლად დაახლოებით 600 კილომეტრის გავლა შეუძლია. ავტომობილი 1650 კილოგრამს იწონის, ადგილიდან ასის აკრეფა მას 2.8 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი 305 კმ/სთ-ს აღწევს.
დაბოლოს, ავტომობილის გარეგნობაზე ”პინინფარინას” ყოფილმა დიზაინერებმა იმუშავეს, შემდეგ კი ის ბულგარულმა კომპანია ”ვილნერმა” დახვეწა. ინტერიერის გაფორმებაზეც ბულგარელმა სპეციალისტებმა იზრუნეს.

No comments:

Post a Comment