Thursday, October 6, 2011

”აუტო ავიო კოსტრუციონი” – ”ფერარის” დასაწყისი

6 ოქტომბერი
საავტომობილო სამყაროს სიამაყეს, სპორტული და სარბოლი ავტომობილების მწარმოებელ იტალიურ კომპანია ”ფერარის” საკმაოდ წინააღმდეგობრივი დასაწყისი ჰქონდა. ენცო ფერარიმ თავისი მოღვაწეობა ჯერ კიდევ 1920-იან წლებში დაიწყო. თავიდან ის მხოლოდ მრბოლი იყო, შემდეგ კი, ”ალფა რომეოს” სარბოლი გუნდი ჩამოაყალიბა, სახელად ”სკუდერია ფერარი” და გარდა იმისა, რომ მის საქმეებს უძღვებოდა, თავადაც რბოლებში მონაწილეობდა.
1933 წელს, ფინანსური კრიზისის გამო, ”ალფა რომეომ” რბოლები მიატოვა, ენცომ კი გუნდი ”პირელის” დახმარებით შეინარჩუნა. გავიდა ოთხი წელი და მილანური კომპანია რბოლებს დაუბრუნდა, გუნდის გადამრჩენი ფერარისთვის კი მხოლოდ სპორტული დირექტორის პოსტი გაიმეტა. რა თქმა უნდა, ამბიციური ენცო ამან გაანაწყენა და მანაც ”სკუდერია ფერარის” მიტოვება და საკუთარი საჯინიბოს (სკუდერია სწორედ საჯინიბოს, თავლას ნიშნავს) ჩამოყალიბება გადაწყვიტა. მაგრამ ”ალფა რომეოსთან” ადრე გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად, გუნდის დატოვების შემთხვევაში, ოთხი წელი ამ სახელის გამოყენების უფლება არ ჰქონდა.
ენცომ 1938 წელს საკუთარი კომპანია ჩამოაყალიბა და მას ”აუტო ავიო კოსტრუციონი” უწოდა, რომელიც სამხედრო თვითმფრინავების ნაწილებს სახელმწიფოს დაკვეთით აწარმოებდა და სხვა სარბოლ გუნდებს სათადარიგო ნაწილებს უმზადებდა. თუმცა, მალე საკუთარი სარბოლი ავტომობილი - 815 (ფოტოზე) შექმნა (8 ძრავის ცილინდრების რიცხვია, 15 კი - 1.5-ლიტრიანი ძრავი), რომლითაც ალბერტო ასკარიმ (ფ1-ის ორგზის ჩემპიონი) და ლოტარიო რანიონიმ ბრეშას დიდ პრიზზე იასპარეზეს.
მეორე მსოფლიო ომმა ენცოს გეგმები მცირე ხნით გადადო. 1947 წელს კი კომპანია ”ფერარი S.P.A.” ჩამოაყალიბა...

No comments:

Post a Comment