Thursday, October 6, 2011

”სუბარუს” კონცეპტუალური კუპე ისევ გამჭვირვალეა

”სუბარუ” და ”ტოიოტა” ერთობლივად მუშაობენ ახალ კუპეზე, რომლის სერიულ ვერსიასაც დებიუტი მეტისმეტად გაუჭიანურდა. თუ ”ტოიოტა” გამოფენებზე (ფრანკფურტი ამ მხრივ მეხუთეა) ამ ავტომობილის საკუთარი ვერსიის მხოლოდ გარეგნობით იწონებს ხოლმე თავს, ”სუბარუ” რატომღაც კუპეს მხოლოდ ჭრილში გვიჩვენებს და ახალი ავტომობილის მხოლოდ კონტურებს გამოსახავს. რეალურ ავტომობილს კი გამოჩენის პირი კვლავ არ უჩანს.
ფრანკფურტის 64-ე გამოფენაზეც ასე მოხდა. ”სუბარუს” სტენდზე სწორედ ის კონცეპტუალური ”BRZ პროლოგი” გვიჩვენა, რომელიც ჯერ კიდევ ჟენევის ავტო შოუზე გაგვაცნო. მცირედ განსხვავებას ამ ორ მანქანას შორის მხოლოდ ძალიან დაკვირვებული თვალი თი შენიშნავდა.

მაგრამ თურმე იაპონური კომპანიები ამ ავტომობილის დებიუტს მალე გეგმავენ: ”ტოიოტას” კუპეს პრემიერა ტოკიოს გამოფენაზე (ნოემბერში) შედგება, ”სუბარუმ” კი ფრანკფურტში გაგვახარა ცნობით, რომ ”BRZ პროლოგის” სერიული ვერსიის გაყიდვები გაზაფხულზე დაიწყება. მართალია, მის გარეგნობაზე სილუეტის მიხედვით მსჯელობა ძნელია, მაგრამ სამაგიეროდ, ვიცით, რომ ავტომობილი ოთხცილინდრიანი, ჰორიზონტალურად ოპოზიტური (ეს ხომ სუბარუა) ატმოსფერული ძრავით აღიჭურვება, რომელსაც მექანიკურ ტრანსმისიას შეუწყვილებენ. სხვათა შორის, ამ აგრეგატებით, კუპეს ”ტოიოტას” და ”სციონის” ანალოგებიც აღიჭურვება.

No comments:

Post a Comment