Sunday, October 30, 2011

ფეტელმა პირველი ინდური დიდი პრიზიც მოიგო

Vettel cruises to victory in India
30 ოქტომბერი
სებასტიან ფეტელს ხშირად მეორე შუმახერს უწოდებენ. რა თქმა უნდა, ეს შედარება უადგილოა, თუმცა სადაო არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ისინი ერთი რამით ერთმანეთს ძლიერ ჰგვანან და ამ ერთ რამეს უსასრულო მოტივაცია ჰქვია.

თითქოს, მას შემდეგ, რაც ზედიზედ მეორე ტიტული გაინაღდა, მისი ჟინიც უნდა დაოკებულიყო, მაგრამ მსგავსი არაფერი ხდება. ამაზე კი თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ ფინიშის ხაზის გადაკვეთის შემდეგ, გერმანელი რადიოთი თავის გუნდთან საუბრისას, ისეთ ემოციებს გამოხატავს, იფიქრებთ, ცხოვრებაში პირველი რბოლა მოიგო...

მოიგო და მერე როგორ: რბოლა ხომ პოულიდან დაიწყო, თან ლიდერობა ერთი წამითაც არ დაუკარგავს და ბოლო წრეზე, რბოლის უსწრაფესი წრეც დააფიქსირა. ეს მიმდინარე სეზონის 17 რბოლაში, მის მიერ მოპოვებული მე-11 გამარჯვებაა. თანაც, ერთ რეკორდსაც გამოჰკრა ხელი - ერთი სეზონის განმავლობაში, ფ1-ის ისტორიაში ყველაზე მეტ წრეს ლიდერობდა. ცნობისათვის, ეს იმ უიშვიათეს რეკორდთაგანია, რომელიც მიხაელ შუმახერს არ ეკუთვნოდა. ფეტელამდე ამ მხრივ საუკეთესო ნაიჯელ მენსელი (1992 წელს) იყო.
”კარგია ბიჭებო, ჩვენ ეს შევძელით. ჩვენ ინდოეთის პირველი დიდი პრიზი მოვიგეთ”, - რადიოთი თანაგუნდელებს გასძახა ფეტელმა, ვისაც ფინიშის დროშა, კრიკეტის ინდოელმა ლეგენდამ, საჩინ ტენდულკარმა აუფრიალა.
ამ გამარჯვების შემდეგ, ფეტელს 374 ქულა დაუგროვდა. მეორე ადგილზე ჯენსონ ბატონია, ვინც ფინიში მეორემ გადაკვეთა. მას 240 ქულა აქვს. მესამეზეა ფერნანდო ალონსო, რომელმაც ინდური რბოლაც მესამეზე დაასრულა, რის შემდგაც 227 ქულა დაუგროვდა. ალონსოს 6 ქულით ჩამორჩება ფეტელის თანაგუნდელი მარკ უებერი.
რბოლის დაწყებამდე, მისმა მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ბოლო ორ კვირაში დაღუპული მრბოლების - ინდიქარის ბრიტანელ ჩემპიონ დენ უელდონს და მოტო გრანპრის იტალიელ მარკო სიმონჩელის ხსოვნას. სხვათა შორის, უელდონი ბატონის მეგობარი და ყოფილი (კარიერის დასაწყისში) მეტოქე იყო და თავისი რბოლა სწორედ მის ხსოვნას მიუძღვნა. დაღუპულებს ფეტელმაც მიაგო პატივი: ”შერეული გრძნობები მაქვს. ერთის მხრივ, ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ - ვამაყობ, რომ პირველი ინდური დიდი პრიზი მოვიგე. მაგრამ გულდასაწყვეტია, რომ გასულ ორ კვირაში, ორი კოლეგა დავკარგეთ”.
რბოლა საკმაოდ უინტერესო გამოდგა. სტარტზეც კი უმნიშვნელო გადაადგილებები მოხდა. სამაგიეროდ, შუა რბოლისას, ცოტა ხნით, ძველმა ”მტრებმა” - ლუის ჰამილტონმა და ფელიპე მასამ გამოგვაფხიზლეს. ბრიტანელი რომ ბრაზილიელს დაეწია, ალბათ ყველა მათი მორიგი შეჯახების მოლოდინში იყო. ჰამილტონს ამ დროს ბრძოლა სჩვევია, მასა კი, როცა ატყობს, მდევარი მასზე სწრაფია, სხვას ადვილად გაატარებს, მაგრამ არა ჰამილტონს. მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონს პირველი რამდენიმე შეტევა არ გამოუვიდა, მაგრამ ბედს არ შეურიგდა და მეტოქეზე გადამწყვეტი იერიში მაინც მიიტანა. მოსახვევში შესვლის წინ, ხელსაყრელი ტრაექტორიით შეუტია, თუმცა ბოლო მომენტში, როდესაც თავდაცვის ყველა ხერხი გამოუსადეგარი იყო, მასამ დერეფანი მაინც ჩაკეტა...
ისინი ამ სეზონში უკვე მეექვსედ (!) შეეჯახნენ ერთმანეთს. ჰამილტონი მალევე დაუბრუნდა ტრასას და მაშინვე ბოქსებს მიაშურა. რბოლა მასამაც გააგრძელა და მიუხედავად იმისა, რომ მისი მანქანაც დაზიანებული იყო, მისი გარემონტება არც უფიქრია. თუმცა, ”ფერარის” ისეთი ვიბრაციები დაეწყო, ისიც იძულებული შეიქნა, ბოქსში შესულიყო. მაგრამ სანამ ასე მოიქცეოდა, იქ უქმად გასვლამ მოუწია - სტიუარდებმა მომხდარში მისი ბრალი დააფიქსირეს.
”ფელიპემ ჩემსკენ მოუხვია და გასასვლელი არ დამიტოვა”, - თავისიანებს, რომლებმაც ისედაც ყველაფერი კარგად დაინახეს, რადიოთი აცნობა ჰამილტონმა, ვინც ალბათ ამ დროს ფიქრობდა, რომ ამჯერადაც, მას დააჯარიმებდნენ...


ინდოეთის დიდი პრიზი


ნოიდა, ნიუ დელი. დისტანცია 308.220 კმ (60 წრე, 5.137 კმ)
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)           1:30:35.002
2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)             +00:08.443
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                00:24.301
4. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                   00:25.529
5. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)              01:05.421
6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                  01:06.851
7. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)        01:24.183
8. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)        1 წრე
9. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)            1 წრე
10. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                       1 წრე
11. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                       1 წრე
12. ბრუნო სენა (ბრაზილია, რენო)                               1 წრე
13. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)         1 წრე
14. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)              2 წრე
15. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)         2 წრე
16. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)               3 წრე
17. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)            3 წრე
18. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)           3 წრე
19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                       5 წრე
გ. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                           28 წრე
გ. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)           36 წრე
გ. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)     48 წრე
გ. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                           58 წრე
გ. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                        60 წრე
 
შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: სებასტიან ფეტელი - 1:27.249, მე-60 წრე

პილოტთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი - 374 ქულა (ჩემპიონი); 2. ჯენსონ ბატონი - 240; 3. ფერნანდო ალონსო - 227; 4. მარკ უებერი - 221; 5. ლუის ჰამილტონი - 202; 6. ფელიპე მასა - 98; 7. ნიკო როსბერგი - 75; 8. მიხაელ შუმახერი - 70; 9. ვიტალი პეტროვი - 36; 10. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) - 34; 11. ადრიან სუტილი - 30; 12. კამუი კობაიაში - 27; 13. ხაიმე ალგერსუარი - 26; 14. პოლ დი რესტა - 21; 15. სებასტიან ბუემი - 15; 16. სერხიო პერესი - 14; 17. რუბენს ბარიკელო - 4; 18. ბრუნო სენა - 2; 19. პასტორ მალდონადო - 1

კონსტრუქტორთა პირველობა
1. რედ ბულ-რენო - 595 ქულა (ჩემპიონი); 2. მაკლარენ-მერსედესი - 442; 3. ფერარი - 325; 4. მერსედესი - 145; 5. რენო - 72; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 51; 7. ზაუბერ-ფერარი - 41; 8. ტორო როსო-ფერარი - 41; 9. უილიამს-კოსუორტი - 5

No comments:

Post a Comment