Tuesday, November 8, 2011

”ტოიოტა” ლე მანზე ჰიბრიდული ბოლიდით დაბრუნდება (განახლებულია)

Toyota recruits top drivers for new Le Mans program
8 ნოემბერი
”ტოიოტა” გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატსა და ლე მანის 24-საათიან რბოლას უბრუნდება. მომავალი სეზონიდან, აღნიშნულ სერიებში, ასევე ლე მანის სერიის რბოლებში, ”ტოიოტას” საქარხნო გუნდი საკუთარი LMP1 კატეგორიის პროტოტიპით იასპარეზებს, რომელიც ბენზინის ძრავისა და ელექტროძრავის ჰიბრიდული დანადგარით აღიჭურვება.

”გვინდა, რომ ჩვენი ახალი ჰიბრიდული ტექნოლოგიით, გამძლეობაზე რბოლებსა და ლე მანის 24-საათიანი რბოლის ისტორიაში, ახალი ფურცელი ჩავწეროთ. ამასთან, რბოლებში მიღებულ გამოცდილებას, ავტომობილების წარმოებისას აუცილებლად გამოვიყენებთ”, - ამბობს ”ტოიოტას” ავტოსპორტული დივიზიონის შეფი ტადაში იამაშიმა.
სარბოლი ავტომობილის შასის, ”ტოიოტას” მოტორ სპორტის განყოფილბა მოამზადებს, რომელსაც ბაზა გერმანიის ქალაქ კიოლნში აქვს. ცნობისათვის, სწორედ იქ იყო ბაზირებული იაპონური კომპანიის ფორმულა ერთის გუნდი. რაც შეეხება ჰიბრიდულ სისტემას, მას იაპონიაში დაამზადებენ. ლოგისტიკურ საკითხებში, ”ტოიოტას” გუნდს პარტნიორობას ლე მანის სერიის გამოცდილი გუნდი ”ორეკა” გაუწევს.
ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში, ”ტოიოტა” ძრავებით ამარაგებს შვეიცარიულ გუნდ ”რებელიონს”, რომელიც ინგლისურ კომპანია ”ლოლას” შასის იყენებს. ეს გუნდი ლე მანის სერიის საერთაშორისო თასზე ასპარეზობს, რომელსაც მომავალი სეზონიდან გამძლეობაზე მსოფლიო ჩემპიონატი ჩაანაცვლებს.
შეგახსენბთ, რომ ”ტოიოტამ” ფორმულა ერთი 2009 წელს დატოვა. თითქმის მაშინვე, გაჩნდა ვარაუდი, რომ იაპონური კომპანია ლე მანს დაუბრუნდებოდა. გამძლეობაზე რბოლებში და კერძოდ ლე მანზე, ”ტოიოტა” 1990-იანი წლების მიწურულს მონაწილეობდა. საუკეთესო შედეგს კი ლე მანის 1999 წლის რბოლაში მიაღწია, სადაც მეორე ადგილი დაიკავა და გამარჯვებულს ერთი წრით ჩამორჩა.
P.S. ”ტოიოტამ” უკვე დაიწყო თავისი საჯინიბოს დაკომპლექტება. კონტრაქტი გაფორმდა ფორმულა ერთის ყოფილ პილოტთან, ავსტრიელ ალექს ვურცთან, რომელიც ლე მანის რბოლის ისტორიაში, მისი ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულია და ორი წლის წინ, ეს ლეგენდარული რბოლა ”პეჟოსთან” ერტადაც მოიგო. მასვე მოგებული აქვს სებრინგის 12-საათიანი და სპას 1000-კილომეტრიანი რბოლები. მას პარტნიორობას ფრანგი ნიკოლა ლაპიერი და იაპონლი კაძუკი ნაკაძიმა გაუწევენ. პირველს ამ სეზონში სებრინგის რბოლა აქვს მოგებული, მეორე კი სამი სეზონის განმავლობაში, ფ1-ში ”უილიამსის” პილოტი იყო.

No comments:

Post a Comment