Tuesday, November 8, 2011

ყველაზე სწრაფები პიტსტოპებზე

Red Bull and Mercedes top pitstop league in 2011
8 ნოემბერი
ფორმულა ერთში ”პირელის” მოსვლამ, რბოლები უფრო საინტერესო გახადა. გაიზარდა პიტ სტოპების რაოდენობა და ბუნბრივია, პილოტების წარმატება ხშირად იმაზეცაა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად მოემსახურებიან მათ გუნდები. ამისათვის, საჯინიბოები თავიანთ პერსონალს სპეციალურად ავარჯიშებენ პიტ სტოპებში.
”მერსედეს GP-მ” სპეციალური სტატისტიკური გამოკვლევაც კი ჩაატარა, რომელიც გვიჩვენებს, თუ რომელი გუნდი უკეთ ართმევს თავს პიტ სტოპებს. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საშუალოდ ყოველ რბოლაში (ჩატარებულ 17 ეტაპზე), 58 პიტ სტოპი სრულდება. სულ კი მრბოლებმა ბოქსებში 1013 ვიზიტი შეასრულეს. აქედან 988 პიტ სტოპი ბორბლების გამოსაცვლელად შესრულდა. 25 შემთხვევაში, პილოტები პიტლეინზე გავლით დააჯარიმეს, სტანდარტული (ტრასაზე პეისკარის გამოსვლის გარეშე, ასევე ამ რიცხვში არ შედის სარემონტო შესვლები, რომელთა დროსაც, რეზინსაც ცვლიან) პიტ სტოპი კი 885-ჯერ შესრულდა.
ყველაზე მეტ პიტ სტოპი უნგრეთის დიდი პრიზის დროს დაფიქსირდა. ჰუნგარორინგზე პილოტებმა რეზინი 85-ჯერ შეცვალეს. უნგრეთის ეტაპს ხუთით ჩამორჩა თურქული რბოლა. ესპანურ ეტაპზე კი 77 პიტ სტოპი შესრულდა. ყველაზე მცირე რაოდენობის პიტ სტოპი იტალიაში (35-ჯერ), მონაკოში (41-ჯერ) და ავსტრალიაში (44-ჯერ) შესრულდა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მონტე კარლოს რბოლის მიწურულს, რბოლა შეჩერდა და გუნდებმა მანქანებს საბურავები ბოქსებში შეუცვლელად, ტრასაზევე შეუცვალეს.
ოფიციალურად, პიტ სტოპის ხანგრძლივობად ითვლება პილოტის ბოქსში შესვლიდან გამოსვლამდე გასული დრო. ამ მხრივ, აბსოლუტური საზომი არ არსებობს, რადგან სხვადასხვა ტრასებს, განსხვავებული სიგრძის პიტლეინი აქვს. ბოქსში გუნდების მუშაობის შეფასების უფრო ზუსტი მეთოდ მანქანის ბოქსის წინ გაჩერებიდან დაძვრამდე გასული დრო იქნებოდა, თუმცა ეს დრო ოფიციალურად არ აღირიცხება. ყველაზე სწრაფი პიტ სტოპი ოფიციალურად ”მაკლარენს” ეკუთვნის, რომელმაც მონაკოში ლუის ჰამილტონი ტრასაზე 19.347 წამში დააბრუნა.
ისე კი, ბორბლებს ყველაზე სწრაფად ”რედ ბული” და ”მერსედესი” ცვლიან. ავსტრიულმა გუნდმა ყველაზე სწრაფი პიტ სტოპი 8 რბოლაში შეასრულა, გერმანულმა კი - 7-ში. თითოჯერ თავი ”მაკლარენმა” და ”ფერარიმ” გამოიჩინეს.
რბოლაში პიტ სტოპების საშუალო ხანგრძლივობითაც, ყველაზე ხშირად, საუკეთესო ”რედ ბული” იყო, რომლის პერსონალმაც 9 რბოლაში საუკეთესო საშუალო შედეგი აჩვენა. ამ მხრივ, მეორე ისევ ”მერსედესია”, რომელსაც ხუთი საუკეთესო საშუალო დრო აქვს. ”მაკლარენმა” ორჯერ ივარგა, ერთხელ კი საუკეთესო ”ფორს ინდია” იყო.
დაბოლოს, პიტ სტოპის საშუალო დრო 17 რბოლაში. ამ მხრივ, ერთნაირი შედეგი აქვთ ”რედ ბულს” და ”მერსედესს”. მათ 0.3 წამით ჩამორჩება ”მაკლარენი”, 0.4 წამით - ”ფორს ინდია”. შემდეგ მოდიან: ”ფერარი” (+0.5 წმ), ”ლოტუს რენო” (0.9 წმ), ”უილიამსი” (1.1 წმ), ”ტიმ ლოტუსი”, ”ტორო როსო” და ”ზაუბერი” (1.3 წმ), ”ვირჯინი” (1.6 წმ) და ”ისპანია” (3.2 წმ).

No comments:

Post a Comment