Tuesday, November 8, 2011

”ჯენერალ მოტორსი” ჩინელებისთვის ”სააბის” მიყიდვის წინააღმდეგია

GM may block Saab deal with Chinese investors
8 ნოემბერი
საავტომობილო კომპანია ”სააბის” ყოფილი მფლობელი, ამერიკული გიგანტი ”ჯენერალ მოტორსი” მზადაა დაბლოკოს შვედური კომპანიის ჩინელი ინვესტორების მიერ გამოსყიდვა, თუ გარიგება, ჩინეთსა და სხვა დიდ ბაზრებზე მის კონკურენტულ პოზიციებს შეასუსტებს.

”გენრლებს” არ უნდათ, რომ მათ მიერ შემუშავებული ტექნოლოგიები, რომლებზეც, როგორც მათი ოჯახის ყოფილ წევრს, ”სააბს” ხელი მიუწვდებოდა, სწრაფად მზარდ ჩინურ კომპანიებს ჩაუვარდეს ხელში. როგორც მინიმუმ, ამით ამერიკული კომპანიის ჩინური ერთობლივი საწარმოები იზარალებენ.
გამოცემა ”დეტროიტ ფრი პრესის” ინფორმაციით, თუ ”სააბს” ჩინელები მაინც შეიძენენ, მაშინ ”ჯენერალ მოტორსი” შვედურ კომპანიას, მის მიერ შემუშავებული ტექნოლოგიების ლიცენზიას შეუჩერებს. გარდა ამისა, შეწყდება ”სააბისთვის” ქროსოვერ 9-4X-ის (ფოტოზე) წარმოება და მიწოდება.
”ჩვენ არანაირ ცვლილებას არ დავუჭერთ მხარს, თუ ის ჩვენს ინტერესებს დააზარალებს. ჩვენ გლობალურ არქიტექტურებს ვიყენებთ, რომლებზეც არაერთი მოდელია აგებული, მათ შორის, ”შანჰაი ჯენერალ მოტორსის” მოდელებიც”, - ამბობს ”ჯენერალ მოტორსის” ჩინური ოპერაციების პრეზიდენტი და მმართველი დირექტორი კევინ უეილი.
ერთი თვის წინ, ჩინურმა კომპანია ”პან და ავტომობილ ტრეიდმა” და ”ჟეძიან იონმან ლოტუს ავტომობილმა” გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის მიზანიც, ჰოლანდიურ კომპანია ”სვედიშ ავტომობილისგან” ”სააბის” გამოსყიდვაა. გაჭირვებაში ჩავარდნილი შვედური კომპანიის საფასური 100 მილიონი ევროა. მაგრამ ამ ორ კომპანიას შორის შეთანხმება ძალაში 15 ნოემბრამდეა, რის შემდეგაც, ის ავტომატურად გაუქმდება, თუ მანამდე, შესყიდვის ნებართვას ”ჯენერალ მოტორსისგან”, ევროპის საინვესტიციო ბანკისგან, შგვედეთის და ჩინეთის მთავრობისგან ვერ მიიღებენ.
რაც ”ჯენერალ მოტორსმა” მის შენარჩუნებაზე უარი თქვა, ”სააბი” მუდმივად კრიზისის რეჟიმში იმყოფება და უკვე რამდენიმე თვეა, ავტომობილების წარმოებას ვერ ახერხებს. შვედეთში მას კრედიტორებისგან სასამართლოს დაცვა აქვს, ანუ ”სააბი” გაკოტრების რეჟიმში იმყოფება. ორ წელიწადში, კომპანია ამ რეჟიმში უკვე მეორედ აღმოჩნდა, თუმცა რეორგანიზაციის განხორციელება უსახსრობის გამო ვერ ხერხდება.
თუ ”პან და” და ”იონმანი” თავისას მაინც მიაღწევენ, ბოლო ორ წელიწადში ეს იქნება მეორე შვედური კომპანია, რომელსაც ჩინური კომპანია შეიძენს. ერთი წლის წინ, ჩინურმა ”ჯილიმ” ”ფორდისგან” ”ვოლვო” შეიძინა. რაც შეეხევა ”სვედიშ ავტომობილს”, ადრე მას ”სპაიკერი” ერქვა. ამ კომპანიამ შარშან ”სააბი” დახურვას გადაარჩინა, როცა ”ჯენერალ მოტორსისგან” გამოისყიდა. თუმცა, კრიზისიდან მისი გამოყვანა ვერ შეძლო...

No comments:

Post a Comment