Saturday, November 12, 2011

ფეტელმა მენსელის პოულების რეკორდი გაიმეორა

სVettel matches Mansell's pole record
12 ნოემბერი

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა აბუ დაბის კვალიფიკაციის შემდეგ, კიდევ ერთი მიღწევით გამოიჩინა თავი - ნაიჯელ მენსელის რეკორდი გაიმეორა. აბუ დაბის დიდი პრიზის კვალიფიკაციის მოგებით, ამ სეზონში მოპოვებული პოულების რიცხვი 14-მდე გაზარდა. ეს კი ის მიღწევაა, რომელიც მენსელს 1992 წელს ჰქონდა.
კვალიფიკაციის პირველ ორ სეგმენტში, უსწრაფესი ლუის ჰამილტონი იყო, რომელმაც მესამე პრაქტიკაზეც ყველას აჯობა, მაგრამ გადამწყვეტი, მესამე სეგმენტის მიწურულს, ბოლო ცდაზე, ფეტელმა მაინც შეძლო მისი ჯობნა. საბოლოოდ, სეზონის ბოლოსინა რბოლას ჰამილტონი წინა რიგიდან დაიწყებს. მეორე რიგში კი მისი თანაგუნდელი ჯენსონ ბატონი და ფეტელის თანაგუნდელი მარკ უებერი დადგებიან.
„ვფიქრობ, სასიამოვნო რბოლა გველის. ისინი (მაკლარენის მრბოლები) რბოლაში ძალიან სწრაფები იქნებიან. ასე რომ, ბრძოლა იქნება. თუმცა, საკუთარ და მანქანის შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ და ყველაფერს მზად ვხვდები. პრაქტიკების შემდეგ ვიცოდით, რომ მანქანას მეტი შეეძლო და ბიჭებმა ის ისე მოამზადეს, როგორც სჩვევიათ. შედეგს კი ხედავთ“, - განაცხადა ფეტელმა, ვისაც აბუ დაბიში ჩატარებული წინა ორივე რბოლა მოგებული აქვს, დღეს მოპოვებული პოული კი 29-ეა კარიერაში. „რედ ბულის“ პილოტებმა კი ჩატარებული 18 კვალიფიკაციიდან 17 მოიგეს.
ჰამილტონი პოულის მფლობელს მხოლოდ 0.141 წამით ჩამორჩა, ბატპნს კი სულ რაღაც, 0.009 წამით აჯობა. ნარბოლევს ის თავისი შედეგით კმაყოფილი ჩანდა, თუმცა რა თქმა უნდა, იმასაც აცნობიერებდა, რომ მეორე პოულთან ძალიან ახლოს იყო...
მესამე სასტარტო რიგში „ფერარის“ პილოტები - ფერნანდო ალონსო და ფელიპე მასა დადგებიან. ამგვარად, ბრაზილიელი კარგა შორსაა ჰამილტონისგან, რომელთანაც ამ სეზონში ექვსი ინციდენტი ჰქონდა.
ტრასაზე გასვლაც კი ვერ შეძლო რუბენს ბარიკელომ, ვისაც სტარტზე გვერდს ვენესუელელი თანაგუნდელი პასტორ მალდონადო დაუმშვენებს. ბრაზილიელს ჯერ პრაქტიკებზე ძრავი შეუცვალეს, კვალიფიკაციის პირველ სეგმენტში კი აგრეგატი (სრულიად ახალი) კვლავ გაჭირვეულდა... რაც შეეხება მალდონადოს, მან მე-17 შედეგი აჩვენა, თუმცა ძრავების ლიმიტი ამოწურა, რის გამოც, სტარტზე 10 ადგილით უკან დაწევა მოუწევს. ათი ადგილი არ გამოუვა, მაგრამ პელოტონის ბოლოში კი დადგება...


აბუ დაბის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:38.481
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)          1:38.622
3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:38.631
4. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:38.858
5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  1:39.058
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:39.695
7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:39.773
8. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)               1:40.662
9. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)              1:40.768
10. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)           დროის გარეშე
- - - - - - - - - -
11. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                        1:40.874
12. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                         1:40.919
13. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)          1:41.009
14. ბრუნო სენა (ბრაზილია, რენო)                                1:41.079
15. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)        1:41.162
16. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       1:41.240
17. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:41.760
- - - - - - - - - -
18. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                1:42.979
19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                        1:43.884
20. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          1:44.515
21. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)            1:44.641
22. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                1:44.699
23. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)                1:45.159
24. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)          დროის გარეშე

No comments:

Post a Comment