Tuesday, November 22, 2011

„მაკლარენმა“ ახალი საწარმოო ცენტრი გახსნა

McLaren dubs next model MP4-27 at Production Centre opening
22 ნოემბერი
ფორმულა ერთის თუნდაც წარმატებული გუნდის წარმატებულ ავტომწარმოებლად გარდაქმნა ძალიან ძნელია. თავის დროზე, ეს „ფერარიმ“ შეძლო და ლეგენდაც გახდა. ახლა იგივე მიზანი „მაკლარენს“ აქვს დასახული, ვისაც ფ1–ში მიღწევებით მხოლოდ იტალიური საჯინიბო სჯობს.
ინგლისური კომპანიის პირველი პროდუქტი (თუ ლეგენდარულ F1–ს არ ჩავთვლით) MP4-12C–ა, რომელსაც მალე კიდევ რამდენიმე ახალი მოდელი მოჰყვება. ამას კი საწარმოო სიმძლავრეების დამატება სჭირდებოდა. სწორედ ასეთი ახალი საწარმო გახსნა „მაკლარენმა“ და ამ ღონისძიებაზე, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი დევიდ კემერონი მიიწვია.
ახალი საწარმოს პრეზენტაციაზე, „მაკლარენმა“ თავისი ახალი ავტომობილის სახელიც გაგვაცნო, რომელსაც MP4-27 დაარქვეს. ადრე იყო ლაპარაკი, რომ „მაკლარენის“ მეორე სუპერ ავტომობილი F1–ის შთამომავალი გახდებოდა, მაგრამ კომპანიას ეს ჯერ არ დაუდასტურებია. არაა გამორიცხული, რომ ამ ავტომობილის უპირველესი დანიშნულება რბოლებში მონაწილეობა იყოს.
ამასთან, ბრიტანული კომპანიის საქმიანობა მარტო ფორმულა ერთით და ამ ახალი ავტომობილის წარმოებისთვის მომზადებით არ შემოიფარგლება. ის ასევე აწარმოებს ფ1–ის ახალი თაობის ძრავების (ყველა გუნდისთვის) მართვის ელექტრონულ სისტემებს, მსგავს სისტემებს ინდიქარ–ის და ნასქარ–ის ძრავებისთვის, თვითმფრინავების ძრავებს და სარკინიგზო შემადგენლობებს.

„მაკლარენის“ ტექნოლოგიურ ცენტრთან, სადაც ფ1–ის ბოლიდებს ქმნიან, ახალი საწარმო 92–მეტრიანი გვირაბითაა დაკავშირებული. ორივე საწარმო არნახული სისუფთავით გამოირჩევა. როგორც პრეზენტაციის დამსწრე საზოგადოებამ აღნიშნა, იატაკი ისეთი სუფთაა, რომ მასზე საჭმლის ჭამაც შეიძლება და არანაირი დაავადების არ უნდა შეგეშინდეთ.
ახალი საწარმო ამწყობია და იქ ყველაფერს როდი ამზადებენ. მაგალითად, ბევრი მაკომპლექტებელი (მათ შორის, ძარის ზოგიერთი დეტალი) აქ საფრანგეთიდან მოდის, ზოგი (მანქანის სახურავი) იტალიიდან, ყველაზე მეტი კი – ბრიტანეთიდან. ასეთია მაგალითად V8 ძრავი, რომელსაც ბრიტანული კომპანია „რიკარდო“ ამზადებს.
ახალი საწარმო დღეში 6 ცალ MP4-12C–ს ამზადებს. თუმცა, მისი სრული სიმძლავრით ამოქმედების შემდეგ, ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება. როდესაც კომპანიის საწარმოო პროგრამას ახალი ავტომობილები დაემატება, მისი სიმძლავრე წლიურ 4 000–მდე გაიზრდება.
დაბოლოს, „მაკლარენის“ ფ1–ის საჯინიბოს შეფმა მარტინ უიტმარშმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში გუნდის გამოსვლა აშკარად არაა მისი შესაძლებლობების მაქსიმუმი. მანვე დასძინა, რომ მომავალი სეზონის მანქანა თითქმის მთლიანად შეიცვლება და მას ახლანდელთან საერთო მხოლოდ ნაწილების 6 პროცენტი ექნება.





No comments:

Post a Comment