Tuesday, November 22, 2011

„ალფა რომეო“ ჩინეთშიც გაიყიდება

Fiat to build Alfa Romeo brand in China with local partner Guangzhou
22 ნოემბერი
ისედაც გადატვირთულ ჩინურ საავტომობილო ბაზარზე, მალე კიდევ ერთი ავტორიტეტული მოთამაშე გამოჩნდება – „ფიატმა“ და ჩინურმა „გუანჩჟოუ აუტომობილმა“ ერთობლივი კომპანია, „გუანქი ფიატი“ ჩამოაყალიბეს, რომელიც თავის საქმიანობას „ალფა რომეოს“ ავტომობილების წარმოებით დაიწყებს.
პარტნიორებმა საზოგადოებას ახალი კომპანია გუანჩჟოუს ავტო შოუზე წარუდგინეს. პრეზენტაციაზე გამოცხადდა, რომ „გუანქი ფიატი“ ავტომობილების წარმოებას მერმისს, ივლისში დაიწყებს. ოღონდ, პირველ რიგში „ფიატის“ ავტომობილების წარმოებას შეუდგება, თუ „ალფასი“, ეს ჯერ გადაწყვეტილი არაა. სამაგიეროდ დადგენილია, რომ ახალი კომპანიის მიერ წარმოებული ავტომობილები მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება.
ახალი ერთობლივი წლიურად 140 000 ავტომობილს გაოუშვებს. ამასთან, თანდათან ის მულტიბრენდულ კომპანიად გარდაიქმნება – „ფიატის“ და „ალფა რომეოს“ ავტომობილების გარდა, მის საწარმოში, „კრაისლერის“ მოდელებსაც დაამზადებენ – ამერიკული კომპანია სწორედ „ფიატის“ ჯგუფის წევრია. მას შემდეგ, რაც კრიზისს თავი დააღწია, „კრაისლერი“ გაფართოებაზე ზრუნავს და ამისათვის ჩინეთზე კარგ ადგილს სად ნახავს.
ჩინური ბაზარი მისწრება იქნება „ალფა რომეოსთვისაც“, რომლის კრიზისსაც ბოლო არ უჩანს და რომელსაც გაყიდვები წლიდან წლამდე უმცირდება. იტალიურ კომპანიას „ფიატის“ შეფმა სერჯო მარკიონემ ფაქტობრივად, გადარჩენის ბოლო შანსი მისცა. ეს შანსი მინიმუმ სამწლიანია და ამ ვადის გასვლის შემდეგ, მილანური კომპანიის გაყიდვები ნახევარ მილიონამდე უნდა გაიზარდოს.
თუ არა, მაშინ მასზე თვალი „ფოლკსვაგენს“ უჭირავს, რომელმაც „ალფას“ გამოსყიდვის სურვილი უკვე განცხადა, თუმცა მარკიონესგან მტკიცე უარი მიიღო. მაგრამ თუ გაყიდვები ვერ გამოსწორდა, მაშინ „ალფა“ ტურინელებისთვის მძიმე ტვირთად გადაიქცევა და მისი გაყიდვა გარდაუვალი შეიქნება. ძნელი სავარაუდოა, რომ მარკიონემ მისი საერთოდ გაჩერება გადაწყვიტოს.
ისიც ცნობილია, რომ მარკიონე მომავალში, მთელს მსოფლიოში ხუთ–ექვს გიგანტურ ავტოკომპანიას ხედავს, რომლებიც სუსტებს ან შთანთქავენ, ან მათ გააკოტრებენ. ამგვარად, „ალფას“ შენარჩუნება და მომგებიან საქმიანობაზე გადაყვანა, მისთვის ამჟამად უმთავრესი ამოცანაა.
„ალფა რომეო“ ჩინეთში პრემიუმ სეგმენტში იმუშავებს, რომლის ათვისებაც, შედარებით ახალი დაწყებული აქვთ გერმანულ ბრენდებს – „მერსედესს“, „ბეემვესა“ და „აუდის“. სამქიმიანებმა იქ ახლახანს წარადგინეს A და B კლასის ჰეჩბეკები და მალე უგზოობის GLK–ს წარმოებასაც შეუდგებიან. ბავარიელებიც მალე აქცენტს მომცრო მანქანებზე გადაიტანენ, ოთხმა რგოლმა კი ცისქვეშეთში თავისი უგზოობის Q5–ის წარმოება დაიწყო...

No comments:

Post a Comment