Tuesday, November 22, 2011

„ჰიუნდაის“ ახალი ჩინური ბრენდი

Beijing-Hyundai Shouwang BHCD-1 at the Guangzhou Auto Show
22 ნოემბერი
გუანჩჟოუს ავტო შოუზე, „ჰიუნდაიმ“ სრულიად ახალი ბრენდი წარადგინა, რომელიც სპეციალურად, ჩინური ბაზრისთვის არის შექმნილი და რომელსაც „შოუვანი“ დაარქვეს. ეს არის ერთობლივი კომპანია, რომელშიც კორეული კომპანიის თანამეწილე, ჩინური „ბეიძინ ავტომოტივია“ (BAIC). „შოუვანი“ ხელმისაწვდომი და ეკოლოგიური ავტომობილების წარმოებაზე იქნბა სპეციალიზებული.

ჯერჯერობით კორეელ და ჩინელ პარტნიორებს არ დაუზუსტებიათ, თუ რომელ მოდელებს გამოუშვებს „შოუვანი“, ან როდის დაიწყებს წარმოებას. თუმცა, მან პირველი კონცეპტუალური ავტომობილი შოუზევე წარადგინა. ავტომობილს „შოუვან BHCD–1“ ეწოდება. აბრევიატურაში პირველი ორი ასო ბეიძინს და ჰიუნდაის ნიშნავს, CD – სამოდელო ხაზს, რიცხვი კი – კომპანიის პირველ ავტომობილს.
„ჰიუნდაის“ განცხადებით, კონცეპტუალური ავტომობილი ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი, თუმცა კორეულ კომპანიას მისი ტექნიკური მახასიათებლები არ გამოუქვეყნებია. ამასთან, როცა მისი სერიული წარმოება დაიწყება, ის მხოლოდ ბენზინის ძრავით აღიჭურვება.
„შოუვან BHCD–1“ ოთხკარიანი სედანია და მისი გაბარიტების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ის „სონტას“, ან „ეკუსის“ ბაზაზეა შექმნილი. რა თქმა უნდა, როცა მისი წარმოება დაიწყება, კაპოტქვეშ უმეტესად კორეული კომპანიის აგრეგატებს და მაკომპლექტებლებს ჩაუდგამენ.
ბოლო ხანს, ჩინეთში სულ უფრო მეტი უცხოური კომპანია ხსნის ერთობლივ კომპანიას, რაც ამ ქვეყნის მთავრობის მოთხოვნაა – ცისქვეშეთში ვერანაირი არაჩინური კომპანია ვერ იმუშავებს, თუ მას ადგილობრივი კომპანიონი არ ეყოლება. თავიდან უცხოური ფირმები იქ თავიანთი მოძველებული მოდელებითაც გადიოდნენ ფონს, რომლებსაც ჩინურ კომპანიებთან ერთად აწარმოებდნენ. მაგრამ კონკურენციის გამძაფრებამ, მათ თავიანთი სამოდელო გამის უახლესი მოდელების შეტანა აიძულა. ადგილობრივ ახალ ბრენდებს კი უმეტეს შემთხვევებში, იაფფასიანი ავტომობილების წარმოებისთვის იყენებენ. ასე მაგალითად, „ჯენერალ მოტორსის“ ჩინურ ბრენდს „ბაოძუნი“ ეწოდება, „ჰონდასას“ „ლინიანი“, „ნისანისას“ კი – „ჟიჩუნი“.

No comments:

Post a Comment