Tuesday, November 29, 2011

კიმი რაიკონენი „ლოტუს რენოში“

Renault confirms Kimi Raikkonen will return to Formula 1 in 2012
29 ნოემბერი

ორწლიანი პაუზის შემდეგ, კიმი რაიკონენი ფორმულა ერთს დაუბრუნდა. ფინელმა მრბოლმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა „ლოტუს რენოსთან“, რომელიც გასულ სეზონში „რენოს“ სახელით ასპარეზობდა. რაიკონენი კარგა ხანს მოლაპარაკებას აწარმოებდა „უილიამსთან“, თუმცა ბრიტანული გუნდის ახალმა სპონსორმა, ყატარის სახელმწიფო ბანკმა, მისი ხელფასის დაფინანსება არ ისურვა და გუნდმაც 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონზე უარი თქვა.

„ძალიან მიხარია, რომ ფორმულა ერთში ვბრუნდები. მადლობელი ვარ „ლოტუს რენოსი“, რომელმაც ამის საშუალება მომცა. რალის მსოფლიო ჩემპიონატში გატარებული ორი სეზონი, ძალიან სასარგებლო იყო ჩემი კარიერისთვის. მაგრამ ვერც იმ ფაქტს უარვყოფ, რომ ფ1–ში დაბრუნება ძალიან მინდოდა. „ლოტუს რენო“ ჩემთვის იოლი არჩევანია, რადგან ეს გუნდი ძალიან ამბიციურია. ახლა ჯერი ჩემზეა და ყველაფერს ვიღონებ, რათა მას მოწინავეთა შორის დაბრუნებაში დავეხმარო“, – განაცხადა რაიკონენმა.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენი გუნდი, მისი არსებობის სრულიად ახალი ციკლის დასაწყისშია. ჩვენ თავდაუზოგავად ვმუშაობთ, რათა წარმატებული სტრუქტურა შევქმნათ, რაც ძალიან მალე, უმაღლეს დონეზე ასპარეზობის საშუალებას მოგვცემს. ეს პირველი ნაბიჯია, რომელიც ჩვენ კონკურენტუნარიან გუნდად ჩამოყალიბების გზაზე გადავდგით. მალე კიდევ რამდენეიმე სიახლეს გამცნობთ. რა თქმა უნდა, მთავარი ისაა, რომ ჩვენ მსოფლიო ჩემპიონთან მუშაობის საშუალება გვექნება“, – განაცხადა გუნდის მფლობელმა ჟერარ ლოპესმა.
რაიკონენი ახლა 32 წლისაა. ფ1–დან ის 2009 წლის სეზონის შემდეგ წავიდა და ორი სეზონი რალის მსოფლიო ჩემპიონატზე გაატარა. თავისი ერთადერთი ტიტული მას „ფერარისთან“ ერთად აქვს მოპოვებული. სულ კი ფ1–ში 18 რბოლა მოიგო.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება რაიკონენის პარტნიორი. სავარაუდოდ, „ლოტუს რენო“ რუს ვიტალი პეტროვს დაითხოვს. მის ადგილზე კი, რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. მათ შორის არიან ბრუნო სენა და სერია გრანპრი2–ის ჩემპიონი რომენ გროჟანი.

No comments:

Post a Comment