Tuesday, November 29, 2011

„ლოტუს რენო“ კუბიცას დაბრუნებას არ გამორიცხავს

Renault not ruling out Robert Kubica despite having signed Kimi Raikkonen
29 ნოემბერი
ახლახანს „ლოტუს რენომ“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა კიმი რაიკონენთან, თუმცა გუნდის ხელმძღვანელი ერიკ ბუიე აცხადებს, რომ ეს სულაც არ ნიშნავს რობერტ კუბიცაზე უარის თქმას. მართალია, გუნდს კონტრაქტი აქვს რუს ვიტალი პეტროვთან, მაგრამ ბუიე ამბობს, რომ სეზონის მეორე ნახევარში, თუ პოლონელი მრბოლი მზად იქნება, მას რბოლებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს.

„ყველაფერი შესაძლებელია. რობერტთან და მის მენეჯერთან ერთად დავსხდებით და განვიხილავთ, რისი შესაძლებლობები გვაქვს, რა დროში შეიძლება ის დაბრუნდეს. ჩვენ კიმისთან ხელშეკრულება გავაფორმეთ და მეორე ადგილზეც ავიყვანთ მრბოლს, როცა გვეცოდინება, რომ ყველა ვარიანტი გავთვალეთ. და ამას მალე გავაკეთებთ“, – ამბობს ბუიე.
იმავდროულად, პეტროვის მენეჯერმა ოქსანა კოსაჩენკომ განაცხადა, რომ გუნდმა რუს პილოტს გადაწყვეტილების მისაღებად ათი დღე მისცა. მასვე ნათქვამი აქვს, რომ პეტროვისთვის ორ სხვა ვარიანტსაც განიხილავს. „ლოტუს რენოს“ რუსის ადგილზე რამდენიმე კანდიდატურა ჰყავს, რომელთა შორისაც არიან ბრუნო სენა, რომენ გროჟანი, რუბენს ბარიკელო და ჰეიკი კოვალაინენი. თუმცა, ბუიეს ნათქვამი აქვს, რომ ბარიკელოს და კოვალაინენს, მის გუნდში მოხვედრის მინიმალური შანსი აქვთ.
ბუიემ ისიც განაცხადა, რომ კუბიცას დაბრუნებაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუწყობს ხელს, თუ ეცოდინება, რომ პოლონელი შემდეგ სეზონშიც მის გუნდში დარჩება. ამ შემთხვევაში, კუბიცას სიმულატორზე და „რენოს“ ძველ მანქანებზე ვარჯიშის საშუალებას მისცემენ.
მის ამ განცხადებას საფუძველი ბრაზილიის დიდი პრიზის დღეებში გაუჩნდა – პადოკში გავრცელდა ხმები, რომ პოლონელი მოლაპარაკებას „ფერარისთან“ აწარმოებს და რომ შესაძლოა, მომავალ სეზონში სწორედ იტალიური გუნდის ტესტ პილოტი გახდეს იმ იმედით, რომ შემდეგ სეზონში საპრიზო პილოტი გახდება. მაგრამ მარანელოელებმა ეს ხმები უარყვეს.

No comments:

Post a Comment