Sunday, December 4, 2011

„ფოლკსვაგენის“ პირველობა „შკოდაზეცაა“ დამოკიდებული

Volkswagen's goal of No. 1 depends on Skoda sales targets
4 დეკემბერი
თავის დროზე, კომუნისტური ჩეხოსლოვაკიის საავტომობილო კომპანია „შკოდა“ კოლაფსისგან „ფოლკსვაგენმა“ იხსნა. დღეს კი ეს კომპანია სწრაფად ვითარდება და იმ დროს, როდესაც ვოლფსბურგელები თავიანთ წარმომავლობას „ივიწყებენ“ და უფრო მაღალ (საშუალო ლუქს) სეგმენტში გადასვლას ცდილობენ, მლადა ბოლესლაველებს სახალხო ავტომობილის მწარმოებლის სტატუსზე უჭირავთ თვალი. ისინი გაყიდვების ორჯერ უფრო სწრაფ ზრდას გეგმავენ, ვიდრე „ფოლკსვაგენი“. რა თქმა უნდა, ამაში დიდ როლს გერმანული კომპანია, მის მიერ გაზიარებული ტექნოლოგიები შეასრულებს.

სხვათა შორის, არცთუ დიდი ხნის წინ, მაღალი კლასის სედან „სუპერბის“ (პასატის ანალოგი) გამოშვებით, „შკოდამ“ „ოლკსვაგენის“ ტერიტორიაზე შეჭრაც სცადა, რასაც მისი ხელმძღვანელის, რაინჰარდ იუნგის გადაყენება მოჰყვა. აქედან მოყოლებული, „შკოდა“ ხელმისაწვდომი ავტომობილების მწარმოებლად დარჩა.
ახლახანს კი ჩეხურმა კომპანიამ სრულიად ახალი ავტომობილის, მინი ჰეჩბეკ „სიტიგოს“ წარმოება დაიწყო, ავტომობილისა, რომელიც მცირედ სახელშეცვლილ „ფოლკსვაგენ Up!–ს“ წარმოადგენს და რომელიც ჩეხეთში 10 000 დოლარზე ნაკლები ეღირება.
„შკოდას“ განვითარებას, როგორც ხელმისაწვდომი ავტომობილების მწარმოებლისა, „ფოლკსვაგენი“ ყველანაირად უწყობს ხელს, რადგან ვოლფსბურგელებს მიზნად აქვთ დასახული მსოფლიო პირველობა, ამისთვის კი მათ უკან უნდა ჩამოიტოვონ „ჯენერალ მოტორსი“ და „ტოიოტა“. მას შემდეგ კი, რაც „ფოლკსვაგენსა“ და „სუძუკის“ შორის ალიანსი ჩაიშალა, გერმანული კომპანიის პორტფელში „შკოდას“ როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამიერიდან, განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე, ვოლფსბურგელები წინ სწორედ „შკოდას“ წამოსწევენ, როგორც ხელმისაწვდომი ავტომობილების მწარმოებელს.
„შკოდას“ ავტომობილებს სულ უფრო მეტი მყიდველი ჰყავს ჩინეთში, ინდოეთში და ჩინეთში. შარშან „შკოდამ“ მთელს მსოფლიოში 768 000 ავტომობილი გაჰყიდა, 2018 წელს კი გაყიდვებმა 1.41 მილიონს უნდა მიაღწიოს. ამგვარად, ზრდის ტემპი 84 პროცენტს აღწევს. შედარებისთვის, იმავე პერიოდში „ფოლკსვაგენი“ 41–პროცენტიან ზრდას გეგმავს.
დღეისათვის „შკოდას“ სათავეში ვინფრიდ ვალანდი უდგას, ადამიანი, ვინც „ფოლკსვაგენის“ მთავარი აღმასრულებლის პოსტზე, მარტინ ვინტერკორნის შემცვლელად მოიაზრება. ვალანდი ადრე „ფოლკსვაგენის“ ჩინურ ოპერაციებს უძღვებოდა, ჩეხურ კომპანიას კი სათავეში შარშან, სექტემბერში ჩაუდგა.
დუისბურგ–ესენის უნივერსიტეტის საავტომობილო კვლევების ცენტრის დირექტორი ფრდინანდ დუდენჰოფერი ამბობს, რომ „შკოდას“ რთული ამოცანის გადაწყვეტა მოუწევს, რადგან ჩინეთში მისი ავტომობილის მყიდველები შეძლებული მოქალაქეები არიან, ევროპის კონკურენტულ ბაზარზე კი ეს ბრენდი მეტწილად ხელმისაწვდომი ავტომობილების გამოა მიმზიდველი. სხვათა შორის, მას მაგალითად მოჰყავს „რენო“, რომელიც თავის იაფფასიან „ლოგანს“, სხვადასხვა ბაზრებზე სწორედ მათი სპეციფიკური მოთხოვნების შესაბამისად ჰყიდის.
„ფოლკსვაგენმა“ და „შკოდამ“ 1991 წელს, ხავერდოვანი რევოლუციიდან ორი წლის შემდეგ დაიწყეს თანამშრომლობა. მაშინ ჩეხური კომპანია ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის, ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში ჰყიდდა მანქანებს, „ფოლკსვაგენთან“ კოოპერაციის შემდეგ კი ჩინეთის და ინდოეთის ბაზრებზეც გავიდა. და თუ 1991 წელს 200 000–ზე ცოტა ავტომობილი გაჰყიდა, ახლა ამაზე თითქმის ოთხჯერ მეტს ჰყიდის. პარალელურად, 2000 წლამდე „ფოლკსვაგენმა“ „შკოდა“ სრულად გამოისყიდა და ეს ყველაფერი 1.4 მილიარდი დოლარი დაუჯდა.
მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში, „შკოდას“ საოპერაციო მოგება 83 პროცენტით, 575 მილიონ ევრომდ გაიზარდა. მოგების სწრაფ ზრდას ყველაზე მეტად, ჩეხური სამუშაო ძალის სიიაფე განაპირობებს, რომელიც გერმანულისას 73 პროცენტს შეადგენს.
განვითარების გეგმის შესაბამისად, „შკოდა“ წელიწადში ორ ახალ ავტომობილს გამოუშვებს და ასე, საკუთარ საწარმოო პროგრამას გაამრავალფეროვნებს, რაც ზრდის საწინდარია. ამ პროგრამის განხორციელებაჩეხურმა კომპანიამ ფრანკფურტის მოტორ შოუს დასრულებისთანავე, „სიტიგოს“ პრემიერით დაიწყო, მალე კი ინდურ ბაზარზე, კომპაქტურ სედან „რეპიდს“ წარადგენს.
პარალელურად, 50 პროცენტით (დღეში 1200 ცალამდე) გაიზრდება მლადა ბოლესლავის ქარხანაში საშუალო ზომის სედან და უნივერსალ „ოქტავიას“ წარმოება. გარდა ამისა, რუსეთში დაიწყება უგზოობის „იეტის“ წარმოება, მალე კი ამავე ავტომობილს ჩინეთშიც გამოუშვებენ. ცნობისათვის, ჩინეთი „შკოდას“ უდიდესი ბაზარია.

No comments:

Post a Comment