Sebastian Vettel voted best F1 driver of 2011 by team bosses
15 დეკემბერი
ტრადიციულად, სეზონის დასრულების შემდეგ, ბრიტანული გამოცემა „ავტოსპორტი“ ფორმულა ერთის გუნდების ხელმძღვანელთა გამოკითხვას ატარებს, რომლის მიზანიც, სეზონის საუკეთესო მრბოლის დასახელებაა. უნდა ითქვას, რომ წინა ორ სეზონში, ბოსების აზრი არ ემთხვეოდა ჩემპიონატის შედეგებს – ისინი საუკეთესოდ არაჩემპიონს ასახელებდნენ.
თუმცა, ამჯერად ყველაფერი ლოგიკურად მოხდა და გამოკითხვის შედეგად, მსოფლიო ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა გაიმარჯვა. მან 41 ქულით ჩამოიტოვა ჯენსონ ბატონი, რომელმაც ჩემპიონატიც მეორე ადგილზე დაასრულა. მესამეზე კი ფერნანდო ალონსო გავიდა, ვინც შარშანდელთან შედარებით, ორი ადგილით დაქვეითდა.
გამოკითხვა მარტივია: გუნდების ხელმძღვანელებმა მათი ათ–ათი რჩეული უნდა დაასახელონ, რომლებსაც ქულები, ფ1–ის ქულათა სისტემის (25-18-15-12-10-8-6-4-2-1) შესაბამისად ერიცხებათ. აღსანიშნავია, რომ ამ გამოკითხვით, ფეტელამდე საუკეთესოდ ჩემპიონი (ლუის ჰამილტონი) 2008 წელს დასახელდა.
„ძალიან გამიკვირდებოდა, პირველი ადგილი სებასტიანს რომ არ მიეღო. მან სეზონი შეასანიშნავად ჩაატარა, 11 რბოლა მოიგო ხუთჯერ მეორე ადგილი დაიკავა ერთხელ მესამეზე გავიდა, ერთხელ მეოთხეზე და ერთხელაც რბოლა ვერ დაასრულა. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, 15 რბოლა პოულიდან დაიწყო, რაც რეკორდია. დაბოლოს, ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ამგვარად, მან ეს აღიარებაც სრულებით დაიმსახურა“, – განაცხადა „რედ ბულ რეისინგის“ შეფმა ქრისტიან ჰორნერმა.
ახალბედათაგან, ყველაზე მაღალი, მეშვიდე ადგილი პოლ დი რესტამ დაიკავა, ვინც 44 ქულა დააგროვა. მეცხრე ადგილზე კი ჰეიკი კოვალაინენი გავიდა, ვინც ჩემპიონატი ქულის გარეშე დაასრულა. ათეულში ვერ შევიდა ჰამილტონი, რომელმაც სამი რბოლა კი მოიგო, მაგრამ ხშირი ინციდენტების გამო, მისთვის ეს სეზონი მაინც ძალიან წარუმატებელი იყო...
„ავტოსპორტის“ გამოკითხვის ტოპ ათეული
1. სებასტიან ფეტელი 241
2. ჯენსონ ბატონი 200
3. ფერნანდო ალონსო 188
4. ლუის ჰამილტონი 122
5. ნიკო როსბერგი 90
6. მარკ უებერი 70
7. პოლ დი რესტა 44
8. ადრიან სუტილი 38
9. ჰეიკი კოვალაინენი 26
10. მიხაელ შუმახერი 23
No comments:
Post a Comment