De Tomaso Mangusta Legacy Design Study Inspired by the 1965 Original
28 დეკემბერი
იყო დრო, როცა „დე ტომაზო“ კონკურენციას „ფერარის“ და „ლამბორგინის“ უწევდა, მაგრამ დღეს ის ისტორიის კუთვნილებაა. ახლახანს, ჟენევის მოტორ შოუზე, ამ კომპანიის გაცოცხლების პირველი რეალური მცდელობა ვიხილეთ უგზოობის კონცეპტუალური „დიუვილის“ სახით, მაგრამ როგორც ირკვევა, ამ ავტომობილის გამოშვებას ჩინელები აპირებენ (ალბათ სხვა სახელით).
იტალიელ ჯან მარიო როსინიოლოს ამ ბრენდის აღდგენის დიდი სურვილი კი აქვს, მაგრამ როგორც ჩანს, ჯიბე ამის საშუალებას არ აძლევს. ისიც იძულებულია, უგზოობის ავტომობილის (რომელმაც იდეაში, პორშე კაიენს უნდა გაუწიოს კონკურენცია) გამოშვება დაივიწყოს და იმაზე მაინც იზრუნოს, რომ „დე ტომაზოს“ მარკით ისევ ექსკლუზიური სპორტული სუპერ ავტომობილების წარმოება მაინც მოახერხოს. სწორედ ამიტომ, ის ჩინელებს დაუკავშირდა, ესენი კი ახლა ყველაფერს ყიდულობენ...
სანამ სენიორ როსინიოლო თავის საქმეებს აგვარებს, დამოუკიდებელმა დიზაინერმა მაქსიმე დე კაიზერმა, ვინც კომპიუტერულ გრაფიკაზეა სპეციალიზებული, ლეგენდარულ მოდელ „დე ტომაზო მანგუსტას“ მისეული ინტერპრეტაციით, ამ მოდელის თანამედროვე ვერსია შეიმუშავა.
ორიგინალური „მანგუსტა“ საავტომობილო სამყარომ პირველად 1967 წელს ნახა. ეს ავტომობილი ლეგენდარული ჯორჯეტო ჯუჯარომ შექმნა, რომელიც იმ დროს, ძარების წარმოებაზე სპეციალიზებულ ტურინულ ატელიე „გიაში“ მუშაობდა. ეს ავტომობილი „ფორდის“ წარმოების V8 ძრავით იყო აღჭურვილი, თუმცა ძალიან ძვირი ღირდა და ამიტომ, მალე ის უფრო ხელმისაწვდომი „პანტერათი“ შეცვალეს.
კაიზერის „მანგუსტა“ ორიგინალურ მოდელს დაბლა მოთავსებული ფარებით და კუთხოვანი ფორმებით მოგვაგონებს. „ისევე როგორც ძველი „მანგუსტა“, ჩემს ავტომობილსაც მიმზიდველი გარეგნობა უნდა ჰქონოდა და იმავდროულად, მასში ძლიერი მხეციც შესამჩნევი უნდა ყოფილიყო. მასში მშვიდი კატა უნდა დაგენახათ, მხეცი, რომელსაც არაფრის ეშინია“, – ასე ახასიათებს თავის ნამუშევარს ავტორი.
კარგად დააკვირდით ფოტოებს და დარწმუნდებით, რომ იტალიელ დიზაინერს თავისი მდიდარი წარმოსახვის რეალურად განხორციელებაც შესძლებია...
No comments:
Post a Comment