GM reclaims global sales crown with volume of 9M in 2011
21 იანვარი
„ჯენერალ მოტორსმა“ გასული წლის გაყიდვების შედეგები გამოაქვეყნა, რომელთა მიხედვითაც, კვლავ მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი გახდა. ამერიკულმა კომპანიამ სულ 9.03 მილიონი ავტომობილი გაჰყიდა. და ეს მისი მართული გაკოტრებიდან სულ რაღაც, ორ წელიწადში მოხდა.
წინა წელს, „ჯენერალ მოტორსმა“ 8.39 მილიონი ავტომობილი გაჰყიდა, რაც 7.6 პროცენტით ნაკლებია შარშანდლი გაყიდვების მოცულობაზე. შედარებისთვის, „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის შედეგი 8.16 მილიონია, რაც ამერიკული კომპანიის გაყიდვებზე დაახლოებით 11 პროცენტით ნაკლებია.
რაც შეეხება „ტოიოტას“, რომელსაც გენერლებმა ლიდერის წოდება ჩამოართვეს, მას ჯერ წლის შემაჯამებელი მონაცემები არ გამოუქვეყნებიათ, თუმცა პირველი სამი კვარტლის დინამიკის მიხედვით, მესამე ადგილს დაიკავებს. იაპონურ კომპანიას პირველ ცხრა თვეში მხოლოდ 5.77 მილიონი ავტომობილი ჰქონდა გაყიდული, დაახლოებით 8.8 პროცენტით ნაკლები, ვიდრე წინა წლის პირველ ცხრა თვეში. „ტოიოტას“ გაყიდვების კლება, იაპონიაში მომხდარმა სტიქიურმა უბედურებებმა, ასევე ტაილანდში მომხდარმა წყალდიდობამ განაპირობა.
„ჯენერალ მოტორსის“ მთავარი აღმასრულებელი დენ აკერსონი ამბობს, რომ მისი კომპანიისთვის, მსოფლიო პირველობაზე უფრო მნიშვნელოვანი, მოგების მარჟის გაზრდაა. რა თქმა უნდა, გაყიდვების ზრდა კომპანიას მორალურად ამხნევებს, თუმცა გაცილებით უკეთესი იქნება, თუ ეს აქციების ფასის ზრდაზეც აისახებაო.
ამ ცნობის გამოქვეყნების შემდეგ, გენერლების აქციების ფასები მხოლოდ 31 ცენტით, ანუ 1.26 პროცენტით გაიზარდა და 24.82 დოლარს მიაღწია. მაგრამ ეს ძალიან ცოტაა, რადგან მთავრობა ჯერ კიდევ ფლობს კომპანიის აქციების მესამედს და თუ თითო აქციას 53 დოლარად გაჰყიდის, ანგარიშს მხოლოდ ამ შემთხვევაში გაასწორებს. საინტერესოა, რომ 2010 წელს კომპანიის მოგებამ 6.17 მილიარდს მიაღწია, შარშან კი პირველ ცხრა თვეში 8.47 მილიარდი შეადგინა.
ბლუმბერგის საავტომობილო ინდუსტრიის ანალიტიკოსი კევინ ტაინენი ამბობს, რომ „ჯენერალ მოტორსისთვის“ მთავარი სწორედ მოგებაა და არა გაყიდული ავტომობილების რიცხვი და მსოფლიო პირველობა. მას მაგალითად მოჰყავს ის ფაქტი, რომ წლების განმავლობაში, ამერიკული კომპანია მსოფლიო ლიდერი კი იყო, მაგრამ ეს მის მოგებაზე დადებითად არ აისახებოდა.
გენერლების ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი „შევროლე კრუზია“, ბრენდებიდან კი ყველაზე მეტი, 4.7 მილიონი ავტომობილი „შევროლეს“ აქვს გაყიდული. ქვეყნებიდან კი ყველაზე დიდი ბაზარი ჩინეთია, სადაც 2.55 მილიონი ავტომობილია გაყიდული (წინა წელზე 8.3 პროცენტით მეტი). ამ მხრივ, შეერთებული შტატების ბაზარი, სადაც 2.5 მილიონი (ზრდა 13 პროცენტი) ავტომობილი გაიყიდა.
No comments:
Post a Comment