Formula 1 teams have been told by the FIA that reactive ride height systems will be banned for the 2012 season
21 იანვარი
ფორმულა ერთის ახალ სეზონს ჯერ სტარტი არ აუღია, თუმცა ტექნიკურ საკითხებზე ფარული ომი უკვე დაწყებულია. მიუხედავად იმისა, რომ სულ ცოტა ხნის წინ, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA), „ლოტუს–რენოს“ სიახლე, საკიდარის ეგრეთ წოდებული რეაქტიული სისტემა ლეგალურად ცნო, ახლახანს საკითხისადმი თავისივე მიდგომა შეცვალა და მსგავსი სისტემები აკრძალულად გამოაცხადა.
FIA–მ გუნდებს სპეციალური წერილები დაუგზავნა, რომლითაც ახალი გადაწყვეტილება ამცნო. მაგრამ ჯერჯერობით უცნობია ამ აკრძალვის მიზეზი. არადა, ტოპ გუნდებს (ფერარის, მერსედესს და სავარაუდოდ, მაკლარენსაც) მსგავს სისტემაზე მუშაობა უკვე დაწყებული ჰქონდათ. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც საკიდრის რეაქტიული სისტემის აკრძალვა სურდათ.
საკიდრის რეაქტიული სისტემა პირველმა „ლოტუსმა“ გასული სეზონის ბოლოს, აბუ დაბიში ჩატარებულ ახალგაზრდა პილოტების ტესტების დროს გამოიყენა. ამასთან, ინგლისური გუნდი აცხადებს, რომ ამ სისტემის შემუშავების პროცესში, FIA–ს შესაბამის სტრუქტურებთან მუდმივი კონტაქტი ჰქონდა და მისი შემუშავებაც იმის გამო გაგრძელდა, რომ ამაზე ოფიციალური ნებართვა არსებობდა.
სისტემა იმითაა გამორჩეული, რომ დამუხრუჭებისას, წინა საკიდარზე ზემოქმედებით, მანქანის ძირის გზის საფარიდან დაშორებას მუდმივად ინარჩუნებს. ამასთან, ის მოქმედებაში მუხრუჭების სატერფულზე ზეწოლისთანავე მოდის. ამ სისტემით, კრიტიკულ სიტუაციებში, მანქანის აეროდინამიკური მახასიათებლები და სტაბილურობა უმჯობესდება, რაც პილოტებს მოსახვევების უფრო სწრაფად გავლის საშუალებას აძლევს.
საინტერესოა, რომ „რედ ბულის“ შეფმა ქრისტიან ჰორნერმა ახლახანს სკეპტიკურად შეაფასა ასეთი სისტემის უპირატესობა და განაცხადა, რომ მას მანქანის მახასიათებლების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება არ შეუძლია. თუმცა, არაფერი უთქვამს იმაზე, მისი გუნდი ანალოგიური სისტემის შექმნას აპირებდა, თუ არა.
მართალია, ანალოგიური სისტემის შემუშავება „ფერარისაც“ დაწყებული ჰქონდა, თუმცა მისმა შეფმა სტეფანო დომენიკალიმ განაცხადა, რომ მის გამოყენებას მანამ არ აპირებდა, სანამ FIA ოფიციალურად დაადასტურებდა ასეთი სისტემის ლეგალურობას.
ცნობისათვის, „ლოტუსის“ სისტემა მექანიკურია და ის მოქმედებაში სამუხრუჭე სისტემას მოჰყავს. ამასთან, ის საკიდარის სტრუქტურაშია გაერთიანებული. და რამდენადაც ამ პროცესში პილოტის ხელი არ ურევია, ის ფ1–ის ტექნიკურ რეგლამენტს არ არღვევს.
No comments:
Post a Comment