Tuesday, January 17, 2012

ბრუნო სენა „უილიამსში“

Williams confirms Bruno Senna will race for the team in F1 in 2012
17 იანვარი
ბრაზილიელი ბრუნო სენა მომავალ სეზონს „უილიამსში“ გაატარებს. ის თავისსავე თანამემამულე რუბენს ბარიკელოს შეცვლის და ვენესუელელ პასტორ მალდონადოს გაუწევს პარტნიორობას. ბრუნო სენა ლეგენდარული აირტონ სენას დის შვილია. ფ1–ში მისი დებიუტი 2010 წელს, „ისპანია რეისინგში“ შედგა, გასული სეზონის დასკვნით ეტაპებზე კი „რენოს“ (ახალი სეზონიდან ლოტუსი ჰქვია) მანქანით იასპარეზა. რვა რბოლაში მისი მონაგარი მხოლოდ ორი ქულა იყო, რაც მეტწილად მანქანის რეგრესის შედეგია.

როგორც ცნობილია, „ლოტუს რენომ“ გასული სეზონის შემდეგ, ორივე პილოტი გამოცვალა და მათ ადგილზე ფრანგი რომენ გროჟანი და ფინელი კიმი რაიკონენი მიიწვია. 28 წლის სენა „ლოტუსის“ ახალ მანქანას პირველად ხერესში, პირველი ტესტების დროს მიუჯდება.
„ბრუნომ რბოლებში გამოსვლა 20 წლისამ დაიწყო, თუმცა მალე გამოიჩინა თავი ფ3–ის და გრანპრი2–ის სერიებში. 2008 წლის გრანპრი2–ის სეზონში, რომელიც ძალიან დაძაბული იყო, მეორე ადგილი დაიკავა და ორი გამორჩეული რბოლა მოიგო მონაკოსა და სილვერსტოუნზე. ამასთან, ამ უკანასკნელზე სველ ტრასაზე გაიმარჯვა. გარემოებათა გამო, წინა ორ სეზონში მას თავის გამოჩენის საშუალება არ მიეცა. ამიტომ, მისი შესაძლებლობების შესასწავლად, გარკვეული დრო დაგვჭირდა. ეს ტრასაზე და სიმულატორზე გავაკეთეთ და მისი სახით სწრაფი, ტექნიკურად კარგად მომზადებული პილოტი აღმოვაჩინეთ. მას ახალ გარემოსთან სწრაფად შეგუების და სწავლის კარგი უნარი გააჩნია. ისღა დაგვრჩენია, მისი ნიჭის ჩვენი მანქანით გამოვლენას დაველოდოთ“, – ამბობს ფრენკ უილიამსი.
„თავს პრივილეგირებულად ვგრძნობ იმის გამო, რომ „უილიამსმა“ მე ამირჩია. ამ გუნდს ბევრი მიღწევა აქვს და ვიმედოვნებ, რომ მის ისტორიაში მეც ჩავწერ ერთ გამორჩეულ ფურცელს. ჩემი შემოწმების პროცესი ინტენსიური იყო და დრო, რომელიც ფაბრიკაში გავატარე, გუნდის წევრების გაცნობაში დამეხმარა. აქ ყველა რესურსია იმისათვის, რომ კარგ შედეგებს მივაღწიოთ. საინტერესო იქნება იმ გუნდში ასპარეზობა, სადაც ბიძაჩემს უასპარეზია. გუნდის ზოგიერთი წევრი აქ აირტონის დროსაც მუშაობდა. ძალიან მინდა, ჩემს ქვეყანას, რომლის მხარდაჭერასაც მუდმივად ვგრძნობ, ბევრი სიხარული ვაჩუქო. ვამაყობ იმით, რომ ბრაზილიელი ვარ და მოტივირებული ვარ იმისათვის, რომ ყველას ვაჩვენო ჩემი შესაძლებლობები“, – განაცხადა ბრუნო სენამ.

No comments:

Post a Comment