Tata eMO proves you don't need a hatch on a hatchback
16 იანვარი
დეტროიტის მოტორ შოუზე, ინდურმა კომპანია „ტატა ტექნოლოჯიზმა“, რომელიც „ტატას“ ჯგუფის ნაწილია, კონცეპტუალური საქალაქო ელექტრომობილი eMO წარადგინა. მართალია, ამ ავტომობილის წარმოება არ იგეგმება, თუმცა „ტატა ტექნოლოჯიზის“ ავტომობილების პროგრამების და განვითარების შტოს პრეზიდენტმა კევინ ფიშერმა განაცხადა, რომ ამ ავტომობილით, მისმა კომპანიამ „ინდური ავტოინდუსტრიის შესაძლებლობები დაანახა“.
სახელი eMO ორი სიტყვის – „ელექტრიკ მობაილიტის“ (ელექტრული გადაადგილება) აბრევიატურაა და რა თქმა უნდა, იმაზე მიგვანიშნებს, რომ ამ პატარა მანქანას, მამოძრავებელ ძალას (ორი) ელექტრო ძრავი ანიჭებს. თავისი მცირე ზომების წყალობით, ეს შესანიშნავი ინდივიდუალური სატრანსპორტო საშუალებაა მეგაპოლისებისთვის. ამ ავტომობილზე მუშაობისას, „ტატა ტექნოლოჯიზმა“ სიახლე დააპატენტა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ სიახლეების სერიულ წარმოებაში დანერგვას აპირებს. თავად ავტომობილიც, მიუხედავად იმისა, რომ მისი წარმოება არ იგეგმება (სიძვირის გამო – გამოშვების შემთხვევაში, ის 20 000 დოლარი ეღირება), სერიული წარმოებისთვის პრაქტიკულად მზადაა.
„ემო–ს“ ხუთი კარი აქვს. ამასთან, ორი უკანა კარი პატარაა და ისინი წინების საპირისპიროდ იღება. ამის გამო, ავტომობილს შუა საყრდენი არ აქვს. ამის საჭიროება არც არის – სალონი იმდენად პატარაა, რომ ძარის სიხისტე ორი საყრდენითაც უზრუნველყოფილია. კომპაქტურობის მიუხედავად, ავტომობილში თავისუფლად თავსდება ოთხი ადამიანი (ძღოლიანად). ავტომობილის სახურავის დიდი ნაწილი შემინულია, რაც ფართო სალონის შთაბეჭდილებას ქმნის. მაჩვენებლების დაფა უმარტივესია. მის მოვალეობას სენსორული მონიტორი ასრულებს, რომელზეც ნებისმიერი ინფორმაციის გამოტანაა შესაძლებელი. მგზავრთა უსაფრთხოებას კი 9 (!) აირბალიში ემსახურება.
ავტომობილს წამყვანი წინა ბორბლები აქვს, რომლებსაც ორი ელექტროძრავი ატრიალებს. მათი მონაცემები არ გამოქვეყნებულა. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ენერგიით ძრავებს ლითიუმ–იონური ელემენტების ბლოკი ამარაგებს, რომლის ტევადობაც 18.4 კილოვატსაათია. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ „ემო–მ“ ერთი სრული დამუხტვით, 160 კილომეტრის გავლა შესძლოა. ამასთან, მისი მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 105 კმ/სთ–ია.
„ჩვენთვის ეს მხოლოდ საინჟინრო პროექტია, ერთგვარი სავარჯიშო. მის წარმოებაზე არცერთი კომპანიისგან შეკვეთა არ მიგვიღია. მაგრამ თუ ვინმე „ემო–ს“ წარმოებას მოინდომებს, ჩვენ მასთან დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ“, – შოუზე ავტომობილის პრეზენტაციისას განაცხადა ფიშერმა.
No comments:
Post a Comment