No “Porsche for the People” Says Company's Boss - At Least Not Yet
17 იანვარი
ბოლო თვეების განმავლობაში „პორშე“ ძალიან აქტიურობს – ჯერ სრულიად ახალი 911 გაგვაცნო, ახლახანს კი ასევე ახალი „ბოქსსტერის“ წარმოებაც დაიწყო. გარდა ამისა, მყიდველს „პანამერას“ ყველაზე მძლავრი ვერსია – GTS შესთავაზა. მაგრამ ამით დაკმაყოფილებას არ აპირებს და წარმოებისთვის კომპაქტურ ქროსოვერ „კაიუნსა“ (კაიენ იუნიორ) და „პაიუნს“ (პანამერა იუნიორ), ასევე ჰიბრიდულ სუპერ როდსტერ „918 სპაიდრს“ ამზადებს.
უფრო მეტიც, სულ უფრო ხშირად იყო ლაპარაკი იმაზე, რომ „პორშეს“ ხელმძღვანელობა ყველაზე პატარა, „ბოქსსტერზე“ მომცრო მოდელის წარმოებასაც გეგმავდა, რომელიც „ფოლკსვაგენის“ ანალოგიურ როდსტერ „ბლიუსპორტის“ ბაზაზე უნდა შექმნილიყო. მაგრამ ბოლო მომენტში, ვოლფსბურგსა და ცუფენჰაუზენში ამ ავტომობილების წარმოება თითქმის ერთდროულად გადაიფიქრეს.
და თუ „ფოლკსვაგენის“ შემთხვევაში, ამის მიზეზი ისაა, რომ მარკეტოლოგებმა პატარა როდსტერი უპერსპექტივოდ მიიჩნიეს – მათი თქმით, ეს ავტომობილი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება რენტაბელური, თუ წლიურად 50 000 ცალი გაიყიდება. „პორშეში“ კი ჩათვალეს, რომ ეს ავტომობილი, ყველაზე მეტ კონკურენციას მათსავე „ბოქსსტერს“ გაუწევს...
ფოლკსვაგენ ბლიუსპორტი |
არადა, ფრანკფურტის შარშანდელი მოტორ შოუს დროს, „პორშეს“ მთავარმა აღმასრულებელმა მათიას მიულერმა განაცხადა, რომ ძალიან გაუხარდება, თუ მისი კომპანია, პატარა როდსტერის წარმოებას გადაწყვეტს. ავტომობილისა, რომელიც წარსულში პოპულარულ როდსტერ „550 სპაიდერის“ იდეური შთამომავალი გახდება.
მაგრამ გერმანულ გაზეთ „ვირტშაფტს ვოხესთან“ საუბრისას, იმავე მიულერმა განაცხადა, რომ პატარა როდსტერის გამოშვება, მისი კომპანიის იმიჯს დააზარალებს. თუმცა, ასეთი ავტომობილის მომავალში გამოშვება მაინც არ გამორიცხა. დაკიდევ: „პატარა როდსტერის წარმოების დაწყება, ჩვენს საწარმოო შესაძლებლობებს გადატვირთავს. შესაძლოა, ასეთ ავტომობილს კლიენტთა ახალი თაობა სჭირდება“, – განაცხადა მიულერმა, ოღონდ არ დაუზუსტებია, თუ ვის გულისხმობს ახალი თაობის კლიენტებში.
სავარაუდოდ, ის „ფოლკსვაგენის“ პატარა როდსტერის პოტენციურ მყიდველს გულისხმობს – ორივე ავტომობილი ერთ პლატფორმაზე უნდა აგებულიყო და რადგან ვოლფსბურგში პროექტს წითელი შუქი აუნთეს, „პორშესთვის“ ამ ავტომობილის წარმოებისთვის მომზადება ძალიან ძვირადღირებული სიამოვნება გახდებოდა. სწორედ ესაა „პორშეს“ მიერ პატარა როდსტერზე უარის თქმის რეალური მიზეზი. არც იმიჯი და არც საწარმოო „გადაღლა“ აქ არაფერ შუაშია.
No comments:
Post a Comment