Nissan to Invest up to US$2 Billion to Build its Third Plant in Mexico in 2013
25 იანვარი
„ნისანმა“ გამოაცხადა, რომ მექსიკის ქალაქ აგვასკალიენტესის მახლობლად, სრულიად ახალ ამწყობ ქარხანას ააშენებს, რისთვისაც 2 მილიარდ დოლარს გაიღებს. აღსანიშნავია, რომ იაპონურ კომაპნიას მექსიკაში უკვე აქვს ორი ქარხანა, რომლებშიც შარშან 600 000 ავტომობილი გამოუშვა. ახალი ქარხნის წლიური წარმდობა კი 175 000 იქნება და იქ ეგრეთ წოდბული B პლატფორმაზე ბაზირებულ მოდელს გამოუშვებენ.
„მექსიკა ამერიკის ბაზარზე „ნისანის“ ზრდის მამოძრავებელია. ჩვენს ახალ ბრაზილიურ საწარმოსთან ერთად, აგვასკალიენტესის ახალი ქარხანა, ჩვენი სტრატეგიის მნიშვნელოვანი საყრდენია. ის „ნისანის“ პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის, რაც ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ბაზრებზე, გაყიდვების და ამ ბაზრებზე წილის ზრდას მოგვიტანს“, – ამბობს „ნისან მოტორის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და მთავარი აღმასრულებელი კარლოს გონი.
გონს არ დაუზუსტებია ის მოდელები, რომლებსაც აგვასკალიენტესის ქარხანა გამოუშვებს. თუმცა ცნობილია, რომ მის მახლობლად არსებული ქარხანა, ამ პლატფორმაზე ბაზირებულ სედანისძარიან კომპაქტურ „ვერსას“ (ჩვენთან ტიიდას სახელით იყიდება) აწარმოებს. იაპონური კომპანია, ამ ავტომობილზე მზარდ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და პირველ რიგში, სწორედ ამ ნაკლის გამოსწორებას ეცდება. ამასთან, ქარხანაში წარმოებული მოდელების რაოდენობა თანდათან, ქარხნის დატვირთვის ზრდის კვალობაზე გაიზრდება.
მესამე მექსიკურ ქარხანაში 3 000 ადამიანი დასაქმდება, კიდევ 9 000 სამუშაო ადგილს, ამ ქარხნის მაკომპლექტებლებით მომარაგების ინფრასტრუქტურა შექმნის. ამგვარად, „ნისანის“ სამივე ამწყობ ქარხანაში (ორი აგვასკალიენტესშია და ერთიც – კვერნავაკაში) სულ 13 500 ადამიანი იქნება დასაქმებული.
იმის გამო, რომ „ნისანი“ ამერიკის ორივე კონტინენტზე, მეტწილად არაიაპონურ ქარხნებში წარმოებულ ავტომობილებს ჰყიდის, მის გაყიდვებზე იაპონიაში მოხდარი კატაკლიზმები ნაკლებად აისახა. ამის შედეგი ისაა, რომ კომპანიამ შარშან შეერთებულ შტატებში გაყიდვები 15 პროცენტით გაზარდა და ბაზრის 8.2 პროცენტი დაიკავა. მაგრამ გონს უფრო მეტი სურს. ეს უფრო მეტი კი აშშ–ის ბაზრის 10 პროცენტია. თუ ეს შეძლო, ამერიკის ბაზარზე პირველად გადაასწრებს „ჰონდას“.
გარდა ამისა, „ნისანის“ გეგმებში იაპონიიდან ამერიკის კონტინენტებზე უფრო მეტი ამწყობი ქარხნის გადატანა და ლათინურ ამერიკაში, იაპონურ კომპანიებს შორის ლიდერის პოზიციის ხელში ჩაგდება შედის. აღსანიშნავია, რომ „ნისანმა“ შარშან ჩრდილოეთ ამერიკაში 1.18 მილიონი ავტომობილი გამოუშვა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 16 პროცენტით მეტია. თანაც, ორივე მეტოქე იაპონური კომპანია – „ჰონდა“ და „ტოიოტა“ უკან ჩამოიტოვა.
საინტერესოა, რომ ახალი დიდი ქარხნების მშენებლობა საშუალოდ 1 მილიარდი დოლარი ჯდება. „ნისანი“აგვასკალიენტესის მშენებლობას ამაზე ორჯერ მეტს მოახმარს და თანაც, მშენებლობა ძალიან სწრაფად უნდა დასრულდეს – პროექტი მის 2013 წელს ამოქმედებას ითვალისწინებს.
პარალელურად, „ნისანი“ თავისი ორი ამერიკული ქარხნის (სმირნა, შტატი ტენესი და კანტონი, შტატი მისისიპი) სრულად დატვირთვით ამუშავებს. არადა, სულ ცოტა ხნის წინ, ეს ორი ქარხანა მხოლოდ ნაწილობრივ იყო დატვირთული. მისისიპის ქარხანა სამ ცვლაში მუშაობს, რისთვისაც „ნისანმა“ რამდენიმე ასეული ახალი თანამშრომელი აიყვანა. იქ სედან „ალტიმას“ აწარმოებენ. რაც შეეხება სმირნას ქარხანას, იქ ელექტრომობილ „ლიფს“, ქროსოვერ „როგს“ და ქროსოვერ „ინფინიტი JX–ს“ აწარმოებენ.
იაპონიიდან ქარხნების ამერიკაში გადატანას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს. და ეს ფაქტორი დოლართან მიმართებაში, იენის კურსის გამყარებაა. თავის დროზე, იაპონურმა კომპანიებმა ამერიკის ბაზარზე ფეხი სუსტი იენის წყალობითაც მოიკიდეს. დღეს კი საპირისპირო ხდება და იაპონური კომპანიებიც გამალებით აშენებენ ოკეანის მეორე მხარეს ახალ ქარხნებს.
დაბოლოს, აგვასკალიენტესის ახალი ქარხნის (ძველი მისგან 10 წუთის სავალზეა) ინფრასტრუქტურაში საცდელი პოლიგონიც შევა. მომავალში კი ის „დაიმლერის“ A–კლასის მოდელსაც გამოუშვებს, რომელიც იმავე, B პლატფორმაზე იქნება ბაზირებული.
No comments:
Post a Comment