Caterham F1 team unveils 2012 challenger
25 იანვარი
„კატერჰემის“ ფორმულა ერთის გუნდმა თავისი ახალი ბოლიდი წარმოადგინა, რომლითაც 2012 წლის სეზონში იასპარეზებს. ამ მანქანის ოფიციალურ პრეზენტაციას ინგლისური საჯინიბო ხვალ აპირებს, მისი პირველი ფოტო კი საკუთარ ტვიტერზე გამოაქვეყნა. იმავდროულად, ეს ფოტო ბრიტანულ ჟურნალ „F1 მეგზინის“ ყდაზეც დაიბეჭდა. ნომერი, რომელშიც ეს ფოტო დაიბეჭდა, ჟურნალის გამომწერებს დღესვე უნდა მიეღოთ.
მაგრამ ჯერჯერობით, მხოლოდ სარბოლი ავტომობილის (კატერჰემ CT01) ერთი ფოტოა ხელმისაწვდომი. ოფიციალური რეილიზი და ფოტოები კი ხვალიდან იქნება ხელმისაწვდომი. ამასთან, ცნბილია, რომ ამ მანქანით მომავალ სეზონშიც იტალიელი იარნო ტრული და ფინელი ჰეიკი კოვალაინენი იასპარეზებენ.
„კატერჰემ CT01“ ინგლისური გუნდის (რომელიც მალაიზიელ ბიზნესმენ ტონი ფერნანდესს ეკუთვნის) პირველი ავტომობილია, რომელიც „კატერჰემის“ სახელით იასპარეზებს. შეგახსენებთ, რომ გასულ ორ სეზონში ამ გუნდმა „ლოტუსის“ სახელით იასპარეზა.
ფოტოდან ჩანს, რომ ავტომობილს კეხიანი ცხვირი აქვს – მსგავსი ელემენტი ახალ სეზონში ალბათ სხვა ავტომობილებზეც შეგვხვდება, რისი მიზეზიც ტექნიკური რეგლამენტის ახალი მოთხოვნებია. ასეთი კონსტრუქციის თავისებურება ისაა, რომ მანქანის მზიდ ნაწილზე ცხვირის ნაწილის მიბმის ადგილას, ერთგვარი კეხი წარმოიქმნება. ამასთან, წინა საკიდარის ზედა სამაგრები, ამ გადაბმის ადგილზე ზემოთაა მოთავსებული.
ავტომობილი დახვეწილი აეროდინამიკითაც გამოირჩევა, რასაც ვერ ვიტყოდით მის ორ წინამორბედზე. ყურადღებას იქცევს მოკლე სარადიატორე კორპუსები, რომლებიც უკანა ნაწილში ძლიერ ვიწროვდება და დაბლდება. დაბლაა დაწეული მანქანის უკანა ნაწილიც. ეს კი იმისათვის გაკეთდა, რომ მანქანის ამ ნაწილში, ჰაერის შემხვედრი ნაკადისადმი წინააღმდეგობა მაქსიმალურად შემცირებულიყო.
No comments:
Post a Comment