Stephane Peterhansel on brink of another Dakar Rally win
14 იანვარი
დაკარის დასრულებამდე ერთი ეტაპიღა დარჩა და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ რბოლას სტეფან პეტერანსელი მოიგებს. მას ეს ურთულესი მარათონული რბოლა ცხრაჯერ აქვს მოგებული, აქედან სამჯერ ოთხი ბორბლით. სწორედ მან მოიგო მე–12, ბოლოსწინა ეტაპი, რის შემდეგაც, უახლოეს მდევარს, ესპანელ თანაგუნდელ ნანი რომას თითქმის 43 წუთს უგებს.
იმის მიუხედავად, რომ ეტაპი 20 წუთიანი უპირატესობით დაიწყო, ფრანგს თავი არ დაუზოგავს და მთელი ეტაპი რისკის ზღვარზე გაიარა. ერთხელ სერიოზული შეცდომაც მოუვიდა, რამაც ლამის ყველაფერი წყალში ჩაუყარა, მაგრამ გადარჩა და ფინიშამდეც მშვიდობიანად მიაღწია. ნარბოლევს კი განაცხადა, დღეს ჩემი მიზანი მოგება კი არა, უპირატესობის შენარჩუნება იყოო.
„დიუნების გამო, ეს წლევანდელი დაკარის ურთულესი რბოლა იყო და ყველანაირად ვცდილობდი, რომ გუშინდელი შეცდომა არ გამემეორებინა. განსაკუთრებით ნაპრალებს ვერიდებოდი. მოკლედ, დღეს მთავარი მიზანი გამარჯვება არ ყოფილა“მ – განაცხადა პეტერანსელმა.
მისგან განსხვავებით, დიუნების ხაფანგს თავი ვერ აარიდა რომამ, ვინც თითქმის 20 წუთი ცდილობდა ამ ხაფანგიდან თავის დაღწევას და ბოლოს ეს შეძლო კიდეც. მას პრაქტიკულად განაღდებული აქვს მეორე ადგილი, რადგან მესამეზე მყოფ გინიელ დე ვილიერსს ნახევარ საათს უგებს.
დიუნებში გაიჭედა წინა ეტაპის გამარჯვებული რობი გორდონიც, რომელმაც დიდი გაჭირვებით შეძლო რბოლაში დაბრუნება, თუმცა საერთო ჩათვლაში ერთი ადგილით მაინც ჩამოქვეითდა. პეტერანსელისგან განსხვავებით, ის რისკს არ ერიდებოდა, რადგან ახლა მისი მთავარი მიზანი ეტაპების მოგებაა.
„ძალიან მინდოდა, „მინის“ ეკიპაჟები დიდი უპირატესობით დამემარცხებინა, მაგრამ დიუნებმა ამის საშუალება არ მომცა. ერთ–ერთი დიუნის გავლის შემდეგ, ერთი ბორბალი ქვიშაში ჩაეფლო, რაზეც 40 წუთზე მეტი დავკარგე. ამასობაში კი სტეფანმაც გამასწრო. მეც რბოლას მალე დავუბრუნდი, მაგრამ შემდეგ მანქანა გადამიყირავდა და კიდევ ბევრი დრო დავკარგე. ყოველივეს მიუხედავად, მაინც კარგი რბოლა იყო. არადა, ერთ მომენტში, „მინის“ უახლოეს ეკიპაჟს ნახევარ საათს ვუგებდი“, – განაცხადა ამერიკელმა.
კლასიფიკაცია 13 ეტაპის შემდეგ
1. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, მინი) 1:28:51
2. ნანი რომა (ესპანეთი, მინი) + 42:57
3. გინიელ დე ვილიერსი (სამხ. აფრიკა, ტოიოტა) + 1:15:09
4. ლეონიდ ნოვიცკი (რუსეთი, მინი) + 2:12:56
5. რობი გორდონი (აშშ, ჰამერი) + 2:20:05
6. ლუსიო ალვარესი (არგენტინა, ტოიოტა) + 4:07:03
7. კარლოს სოუსა (პორტუგალია, გრეიტ უოლი) + 4:32:00
8. რიკარდო ლეალ დუშ სანტუში (პორტუგალია, მინი) + 5:06:09
9. ბერნარდ ტენ ბრინკი (ჰოლანდია, მიცუბიში) + 5:11:41
10. კრჟიშტოფ ჰოლოვჩიკი (პოლონეთი, მინი) + 7:02:12
No comments:
Post a Comment