Peugeot ends Le Mans programme with immediate effect
18 იანვარი
„პეჟომ“ გამოაცხადა, რომ დაუყოვნებლივ წყვეტს გამძლეობაზე რბოლების პროგრამას, რაც იმას ნიშნავს, რომ 24–საათიან რბოლაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
ლე მანის სერიის რბოლებში „პეჟო“ 2007 წლიდან მონაწილეობდა. გასულ ხუთ სეზონში, ფრანგულმა კომპანიამ დიზელისძრავიან პროტოტიპ 908–ს რამდენიმე ვერსიით იასპარეზა და „აუდის“ ჰიბრიდულძრავიან მონსტრებს სერიოზული მეტოქეობაც გაუწია, 2009 წელს კი ლე მანის გამარჯვებული გახდა.
„ეს გადაწყვეტილება, ევროპაში ეკონომიკური კრიზისის კონტექსტში მივიღეთ. ჩვენმა კომპანიამ გადაწყვიტა, რომ წელს აქცენტი ავტომობილების გაყიდვებზე გააკეთოს“, – ნათქვამია „პეჟოს“ განცხადებაში.
გასულ სეზონში „ფრანგულმა ლომებმა“ ლე მანის საერთაშორისო თასი მოიგეს, სერია, რომელიც ახალი სეზონიდან, გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატად გარდაიქმნა. სხვათა შორის, მალე ლე მანს რამდენიმე ავტომწარმოებელი უბრუნდება და ამ ფონზე, „პეჟოს“ წასვლა სრული მოულოდნელობაა.
სხვათა შორის, „პეჟო“ წელს რამდენიმე ახალი ავტომობილის გამოშვებას გეგმავს. მათ შორის, 208–ს კომპანიის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილის პოტენციალი აქვს. მის გარდა, ბაზარზე გამოვა: „3008 ჰიბრიდ4“, 508 RXH, „508 ჰიბრიდ4“ და 4008.
„პეჟოსგან“ განსხვავებით, ტავის სპორტულ პროგრამის შეკვეცას არ აპირებს მისი თანაალიანსელი „სიტროენი“, რომლის საქარხნო გუნდიც რალის მსოფლიო ჩემპიონატში ასპარეზობს. მისი მთავარი პილოტი კი მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონი, ფრანგი სებასტიან ლოებია.
No comments:
Post a Comment