Raikkonen expects to fight in 2012 midfield
30 იანვარი
კიმი რაიკონენი ამბობს, რომ ამ სეზონში, მისი ადგილი პელოტონის შუაში იქნება. ასეთი მოკრძალებული მიზნები დაუსახავს 32 წლის ფინელს, ვინც ორწლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება დიდი პრიზების ცირკს, სადაც მსოფლიო ჩემპიონის ერთი ტიტული აქვს მოპოვებული და 18 რბოლა მოგებული.
„მეგონა, რომ უფრო სწრაფი ვიქნებოდი, მაგრამ ეგ არაფერი, ეს ხომ ვალენსიაა და ეს ტრასა არაა სწრაფი. საერთო ჯამში კი უკმაყოფილო არ ვარ“, – ბიბისისთან საუბრისას განაცხადა რაიკონენმა, ვინც იტალიურ „აუტოსპრინტთან“ საუბრისას თქვა, რომ მომავალ სეზონში მოწინავეთა შორის არ უნდა ველოდოთ.„ვფიქრობ, პელოტონის შუაში მომიწევს პაექრობა. მაგრამ ეს დრამა არ იქნება. „ფერარიში“ გატარებული ბოლო სეზონიც ასეთი მქონდა“, – ამბობს მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი, ვისაც მეტსახელ აისმენითაც ხშირად მოიხსენიებენ. გასული ორი სეზონი მან რალის მსოფლიო ჩემპიონატზე გაატარა და ნასქარ–ის რამდნეიმე რბოლაშიც მიიღო მონაწილეობა.
ფინურ „ტურუნ სანომატთან“ საუბრისას მან თქვა, რომ მიზნად ყოველთვის ჩემპიონობას ისახავს, თუმცა: „რა თქმა უნდა, ჩემპიონობა ჩემი მიზანია. კარგია, რომ ამას კიდევ ვეცდები. ეს რომ არა, არ დავბრუნდებოდი – ჩემი თვითმიზანი ჩემპიონატში სტატისტად მონაწილეობა არაა. შორს მიმავალი გეგმები არ მაქვს. ვნახოთ, რა ხასიათზე ვიქნები, როცა ეს კონტრაქტი ამოიწურება“, – ამბობს რაიკონენი, ვისაც „ლოტუსთან“ ორწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული.
ყოველივეს მიუხედავად, ის პირველ ტესტებს ელის, რომელმაც შეიძლება უფრო ოპტიმისტურადაც განაწყოს: „თუ მანქანა თავიდანვე კარგია, მაშინ თავიდანვე კონკურენტუნარიანნი ვიქნებით და ეს ბევრს ნიშნავს. ვფიქრობ, რბოლები უწინდელისგან განსხვავებული აქ იქნება. ფეტელი ადრეც სწრაფი იყო. გაიზარდა გასწრების შესაძლებლობები, ეს მოძრავმა ფრთამ განაპირობა. არც ამ ფრთით და არც კერს–ით არ მივლია, რადგან პირველი ტესტი 2010 წლის მანქანით მქონდა. მაგრამ ეს ერთი, თუ ორი ღილაკის საქმეა და ძნელი არ უნდა იყოს“.
დაბოლოს, ის თავის ფიზიკიურ მზადყოფნასაც შეეხო. რაიკონენი ამბობს, რომ ვალენსიაში გავლილი 700 კილომეტრის შემდგ, თავს კარგად გრძნობდა და არც კისერში რაიმე დაძაბულობა უგრძვნია. ველოდი, რომ გარკვეული პრობლემები მექნებოდა, მაგრამ ასეთი არაფერი მიგრძვნიაო.
No comments:
Post a Comment