2013 SRT Viper First Official Teaser Leaves us in the Dark
31 იანვარი
ერთი წლის წინ, „კრაისლერის“ დიზაინ სტუდიის შეფმა და ბრენდ „დოჯის“ მთავარმა აღმასრულებელმა რალფ ჟილმა განაცხადა, რომ ახალ „ვაიპერზე“ მუშაობისას, დიზაინერებმა პლაჟზე მწოლიარე შიშველი ქალისგან მიიღეს შთაგონება. მისი თქმით, ავტომობილი „წარმოუდგენლად ლამაზი“ იქნება, რისი წყალობითაც, ის „პორშესა“ და „შევროლე კორვეტს“ წაართმევს მუშტარს.
და აი, ამერიკულმა კომპანიამ ახალი „ვაიპერის“ პირველი ფოტო ტიზერი გამოაქვეყნა, რომელზეც ავტომობილი სიბნელეში დგას და მისი მხოლოდ რამდენიმე დეტალია გაშუქებული. მართალია, „გველგესლა“ (ვაიპერი ქართულად სწორედ გველგესლას ნიშნავს) ჩრდილში იმალება, მაგრამ ტიზერზე ასახული მისი ნაკვთებიდან გამომდინარე, მასზე გარკვეული წარმოდგენის შექმნა უკვე შესაძლებელია.
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ახალი „ვაიპერი“ „დოჯის“ მარკით აღარ გამოვა. მას ამერიკული კომპანიის სპორტული დივიზიონი SRT გამოუშვებს. ავტომობილს თავისი წინამორბედის პროპორციები აქვს შენარჩუნებული. სახურავს ისევ ფართო, შუაზე გაყოლებული „კალაპოტი“ აქვს, ფრთები დაბურცულია, კაპოტის წვერზე კი დიდი ზომის ჰაერის ამღები მოუთავსებიათ, რომელიც ჰაერს ძრავს აწვდის. მას ვენტურის წვეთის ფორმა აქვს და მის გაყოლებაზე, კაპოტს ამონაბორცვი ეტყობა. ემბლემის მდებარეობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის უშუალოდ ბამპერის თავზეა, ბამპერი კი დაბლაა დაწეული. საერთო ჯამში, მომრგვალებული ფორმების სიმრავლით, ახალი „ვაიპერი“ შეიძლება მართლა მივამგვანოთ შიშველ ქალს. მაგრამ ისიც შეიძლება ითქვას, რომ ეს ქალი კარგადაც არის ნავარჯიშები.
წინასწარი მონაცემებით, ავტომობილის საბაზო ვერსია V8 ძრავით აღიჭურვება. ამასთან, ტოპ ვერსიისთვის ისევ V10 ძრავი იქნება განკუთვნილი, რომელსაც „ფიატის“ მიერ მიწოდებული ტექნოლოგიებით (ძრავის სარქველების ელექტრულ–ჰიდრავლიკური სისტემა მულტიეარ) აღჭურვავენ. გარდა ამისა, ახალი „ვაიპერი“ სტაბილურობის კონტროლის სისტემითაც აღიჭურვება.
„SRT ვაიპერის“ მსოფლიო პრემიერა ნიუ იორკის მოტორ შოუზე, აპრილში იგეგმება.
No comments:
Post a Comment