Hamilton all smiles as new McLaren breaks cover
1 თებერვალი
დღეს „მაკლარენმა“ თავისი ახალი ბოლიდი – MP4–27 გაგვაცნო. შარშანდელისგან განსხვავებით, ამჯერად ბრიტანულმა გუნდმა ამ ღონისძიებისთვის ბერლინში წასვლა აღარ ისურვა სტუმრები უოკინგში, საკუთარ ტექნიკურ ცენტრში მიიწვია. ახალ სარბოლ ავტომობილს საბურველი გუნდის ბრიტანელმა პილოტებმა – ჯენსონ ბატონმა და ლუის ჰამილტონმა ჩამოხსნეს.
ორიოდ დღით ადრე, „მაკლარენის“ შეფი მარტინ უიტმარში გვპირდებოდა, რომ ახალ ავტომობილზე შეუიარარებელი თვალითაც, ბევრ სიახლეს აღმოაჩენთ. ამასთან, მისი კონსტრუირებისას, გუნდმა აგრესიული მიდგომა გამოიყენაო, ანუ ამ პროცესში, ბევრი თამამი იდეა გამოიყენეს.თამამი გადაწყვეტებისა რა გითხრათ, ისინი ალბათ ავტომობილის შიგნით იმალება. რაც შეეხება გარეგნობას, აქ მართლაც ბევრი სიახლეა, რომელთაგან უმეტესობა, ახალი რეგლამენტითაა ნაკარნახები. კიდევ ერთი სიახლე, რომელზეც ყურადღება განსაკუთრებით ჰამილტონმა გაამახვილა, დიდი ზომის სარკეებია: „ჩვენ სარკეები შევცვალეთ, რაც უკან მომავალი მანქანის უკეთ გარჩევაში დამეხმარება. ყველაზე მეტად ეს ფელიპეს (მასას) მოეწონება“, – იხუმრა ბრიტანელმა, ვისაც გასულ სეზონში, ბრაზილიელ პილოტთან რამდენიმე შეჯახება მოუვიდა.
„მაკლარენი“ მეორე გუნდია, რომელმაც ახალი მანქანა გვიჩვენა. პირველმა ეს რამდენიმე დღით ადრე, მალაიზიურ–ბრიტანულმა „კატერჰემმა“ გააკეთა, რომლის გამნქანისგან განსხვავებითაც, MP4–27–ს კეხიანი ცხვირი არ აქვს. სხვათა შორის, „მაკლარენს“ შარშან ერთ–ერთი ყველაზე დაბალცხვირიანი მანქანა ჰქონდა. მისმა ინჟინრებმა ამჯერად ცხვირი მაღლა ასწიეს, თუმცა ცხვირისა და მზიდი ელემენტის გადაბმის ადგილზე კეხის გაკეთება მაინც არ დასჭირდათ. სამაგიეროდ, შასის ის ნაწილი, სადაც პილოტის ფეხები თავსდება, მაღლაა აწეული. ეს კი იმისათვის გაკეთდა, რომ მანქანის ამ არეში, ჰაერის უფრო დიდი ნაკადი შევიდეს, ამ ნაკადს კი კოკპიტის ძირში მოთავსებული ჰაერმჭრელი რადიატორების კორპუსებისკენ გზავნის, რომლებსაც ქვედა ნაწილში მიმმართველი ღარები აქვს. ამ ღარებში გავლისას, ჰაერის მოწესრიგებული ნაკადი უკანა ნაწილისკენ მიემართება, სადაც დიფუზორის არქონით გამოწვეულ დანაკარგებს ამცირებს.
შეცვლილია რადიატორების კორპუსების ფორმაც. მათ ზედა ნაწილში აღარ აქვთ ჩაღრმავება, რაც ასევე ჰაერის საჭირო ნაკადის შესაქმნელად იყო გაკეთებული. დიფუზორის არქონის გამო, ასეთი ჩაღრმავების საჭიროება აღარაა. სამაგიეროდ, ეს ნაწილი ძრავის სექციისკენ ვიწროვდება, რითაც რადიატორის ქვემოთ მოძრავი ჰაერის ნაკადის ეფექტურობა იზრდება.
„მაკლარენის“ საინჟინრო შტაბის დირექტორი ტიმ გოსი ამბობს, რომ MP4–27 შარშანდელი ბოლიდის ევოლუციური ვერსიაა, თუმცა შიგნიდან ეს ორი მანქანა რადიკალურად განსხვავდება. „ამბიციური მიზნები გვაქვს დასახული და ამისათვის საჭიროა, რომ პირველივე ეტაპიდან გამარჯვებებისთვის ვიბრძოლოთ. ეს მანქანა, ცხვირიდან კუდამდე განახლებულია. შარშანდელი მანქანისა ძალიან ცოტა დეტალი დავტოვეთ. ,აგალითად, საწვავის სისტემა. მაგრამ სხვა თითქმის ყველაფერი შევცვალეთ“, – ამბობს გოსი და დასძენს, რომ სეზონის განმავლობაში, წინა და უკანა ფრთების, ასევე ძირის და მანქანის ტანის დახვეწა უკვე დაგეგმილია.
ტექნიკური დირექტორი პადი ლოუ ამბობს, რომ რეგლამენტი ინჟინრებს ყოველწლიურად სულ უფრო მეტ თავსატეხ უჩენს და ზღუდავს. ამის გამო, სეზონიდან სეზონამდე, რადიკალური ცვლილებების განხორციელება ვერ ხერხდება. მაგრამ ამჯერად, „მაკლარენის“ ტექნიკურმა პერსონალმა შეუძლებელი შეძლო და ბევრი დეტალი დახვეწა. პირველ რიგში, ეს წონის შემცირებაში აისახა. შესაძლოა, ცალკე აღებული დეტალებისთვის, წონის შემცირება შთამბეჭდავად არ ჩანდეს, მაგრამ საერთო ჯამში, მანქანა უფრო კონკურენტუნარიანი გახდა.
„ძირითადად მანქანის უკანა ნაწილზე ვიმუშავეთ. ბევრი შრომა დაგვჭირდა გამოსაბოლქვის დასახვეწად, რამაც აეროდინამიკოსებსაც საქმე გაურთულა. საბოლოოდ, ჩვენ მანქანის აეროდინამიკის გარდა, მისი ბალანსიც გავაუმჯობესეთ. ჩაჭიდება აუცილებელია, მაგრამ ისიც აუცილებელია, რომ ეს უპირატესობა სწორად გამოვიყენოთ“, – ამბობს ლოუ.
მანქანის ხილვით კმაყოფილები არიან პილოტები. „მშვენიერი მანქანაა. ვფიქრობ, ბევრი იმ მანქანებიდან, რომლებსაც თქვენ იხილავთ, ასეთი ლამაზი არ იქნება“, – განაცხადა ბატონმა. „ვფიქრობ, ფანტასტიურად გამოიყურება. ჩემი აზრით, ეს ყველაზე დახვეწილი მანქანაა მათ შორის, რომელიც ოდესმე გვქონია. და როცა მანქანა კარგად გამოიყურება, ის მთლიანობაშიც კარგია“, – განაცხადა ჰამილტონმა.
იგივე განწყობითაა უიტმარშიც: „მანქანა შეიძლება გარეგნულად ლამაზი იყოს, მაგრამ რეალურადაც კარგი მაშინაა, როცა რბოლებს იგებს. არა მგონია, შარშანდელი ზამთრის პრობლემები განმეორდეს“.
No comments:
Post a Comment