Monday, January 9, 2012

„ნისანმა“ მინივენ NV200–ის ელექტრონული ვერსია შექმნა (ვიდეო)

Nissan Electrifies the NV200 for the 2012 Detroit Motor Show
9 იანვარი
„ნისანს“ თავისი სამოდელო გამის ელექტრიფიკაცია აქვს დაწყებული. ამ პროცესის პირველი მერცხალი, ჰეჩბეკი „ლიფია“, რომელმაც უკვე არაერთი აღიარების მიღება მოასწრო. დეტროიტში კი იაპონურმა კომპანიამ კიდევ ერთი ელექტრომობილი გამოფინა, რომელსაც, როგორც თავად იაპონური კომპანია განმარტავს, მასობრივი წარმოების პოტენციალი გააჩნია.

ავტომობილს „e-NV200 კონცეპტი“ უწოდეს. ესაა მინივენ NV200–ის ბაზაზე დამზადებული ელექტრომობილი, რომლის წინა ნაწილიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს „ნისან ლიფისას“. ამასთან, კონცეპტუალური ელექტრომობილი „აკვა ბლიუ“ (წყლის ლურჯი) ფერშია შეღებილი, ზუსტად იმ ფერში, რომლითაც „ლიფს“ ღებავენ.
და მათი მსგავსება (ოღონდ, არა ვიზუალური) მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. „e-NV200 კონცეპტს“ ძალური დანადგარებიც „ლიფისგან“ აქვს მიღებული. მათგან მთავარია სინქრონული ელექტროძრავი, რომელიც 107 ცხენის ძალას და 280 ნიუტონმეტრს გამოიმშავებს. ძრავს ენერგიით ლითიუმ–იონური ელემენტების ბლოკი ამარაგებს, რომელიც 48 კომპაქტური მოდულისგან შედგება. აკუმულატორის ტევადბა 24 კილოვატსაათია, რაც საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა 80–160 კილომეტრი გაიაროს (მოძრაობის რეჟიმს გააჩნია).
ავტომობილი შეიძლება იყოს როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთოც. ამასთან, სამგზავრო შესრულებითაც, მისი უკანა სავარძლები იკეცება და ამგვარად, სალონი საბარგულად გამოიყენება. მძღოლის სამსახურშია მაჩვენებლების დაფა, რომელზეც რა თქმა უნდა, ელექტრონიკას მთავარი როლი აკისრია. დაფა მინიმალისტურ სტილშია შესრულებული, თუმცა მასში გამოყენებულია მრავალფუნქციური სისტემა, რომელსაც ავტომობილის მდგომარეობის შესახებ ყველანაირი ინფორმაციის მოწოდება შეუძლია.
ერთი საინტერესო ფაქტი: ახლახანს, შიდაწვისძრავიანმა NV200–მა ნიუ იორკის ტაქსის ტენდერი მოიგო – მალე დიდ ვაშლში სწორედ ამ ავტომობილს დაეკისრება ინდივიდუალური მგზავრების გადაყვანა. „e-NV200 კონცეპტი“ კი სრულიად რეალური მინიშნებაა იმისა, რომ მალე შეიძლება ის სწორედ ნიუ იორკის ტაქსის როლში ვიხილოთ.
საინტერესოა ერთი რამ – „ნისანს“ რომ „e-NV200 კონცეპტი“ უფრო ადრე მოემზადებინა და მისი სერიული წარმოებაც დაეწყო, შეძლებდა თუ არა ნიუ იორკის ტაქსის ტენდერის მოგებას. მსოფლიოს ფინანსურ ცენტრში ხომ ახლა გარემოზე ზრუნვა ერთ–ერთი ყველაზე აქტუალური თემაა...

No comments:

Post a Comment