Sneak Preview: Ferrari
17 თებერვალი
უკვე ორი წელია, საავტომობილო სამყარო „ფერარისგან“ სუპერავტომობილ „ენცოს“ შემცვლელს ელის. ინტერნეტით არაერთი მსტოვრული ფოტო გავრცელდა, რომლებზეც ტესტირების პროცესში მყოფი შენიღბული ავტომობილია დაფიქსირებული. და ეს ავტომობილები, თავისი პროპორციებით, სწორედ „ენცოს“ შემცვლელისა უნდა იყოს.
ახლახანს კი ბრიტანულ გამოცემა „ავტომობილის“ ვებგვერდმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელზეც მარანელოელთა ახალ სუპერავტომობილზეა ლაპარაკი. ის 7.3-ლიტრიანი V12 ატმოსფერული ძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 800 ცხენის ძალას მიაღწევს. გარდა ამისა, ჰიბრიდულ აგრეგატში შევა კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა (კერს), რომლის ელექტროძრავის სიმძლავრეც 12 ცხენის ძალა იქნება. ამგვარად, ორივე აგრეგატის ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში, ავტომობილს 920 ცხენის ძალა მოემსახურება.
ახალი სუპერავტომობილის სავარაუდო სახელწოდებაა F70. ძრავი მის ბაზაში მოთავსდება და მამოძრავებელ ძალას უკანა წამყვან ბორბლებს მიაწვდის. რა თქმა უნდა, ავტომობილი კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ შასის დაეყრდნობა. მისი წონა 1 200 კილოგრამს მიაღწევს. „ფერარის“ არაოფიციალური წყარო ირწმუნება, რომ ამ მახასიათებლების წყალობით, F70 „ბუგატი ვეირონზე“ გაცილებით ტემპერამენტიანი იქნება. კერძოდ, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 2.5 წამში მოასწრებს.
F70-ის მსოფლიო პრემიერა პარიზის მოტორ შოუზე ჩატარდება. „ფერარი“ ამ ავტომობილს მხოლოდ 400 ცალს დაამზადებს. ცნობისათვის, „ენცოს“ პრეზენტაციაზე, „ფერარის“ შეფმა ლუკა დი მონტეძემოლომ განაცხადა, რომ მისი კომპანია ამ ავტომობილს მხოლოდ 500 ეგზემპლარად დაამზადებდა.
No comments:
Post a Comment