Spy Shots: BMW i3 Hatch Captured Out on the Move Again
1 თებერვალი
შარშან საავტომობილო სამყაროს ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული მოვლენა, „ბეემვეს“ მიერ ახალ, ეკოლოგიურ ქვე–ბრენდ i–ს წარდგენა და ამ ბრენდის მატარებელი ორი კონცეპტუალური ავტომობილის – i3–ის და i8–ს პრეზენტაცია იყო. მას შემდეგ, ორივე ავტომობილი, გერმანიის გზებზე ინტენსიურ ტესტირებას გადის. სპორტული i8 ჰოლივუდმა ფილმ „მისია შეუსრულებელიაშიც“ კი გადაიღო. ახლახანს კი, ინტერნეტ გამოცემა „ქარსკუპს“ ხელში ჩაუვარდა მსტოვრული ფოტოები, რომლებზეც გერმანიის დათოვლილ გზებზე „მოვარჯიშე“, ძლიერ შენიღბული i3 არის ასახული.
სწორედ ესაა პირველი ავტომობილი, რომელსაც ბავარიელები i ბრენდiთ სერიულად გამოუშვებენ. ეს არის პატარა ჰეჩბეკი, რომელიც ელექტრული და ელექტრო–ჰიბრიდული აგრეგატებით აღიჭურვება. მისი გაყიდვები მერმისს უნდა დაიწყოს, მალე კი მას i8–ც შეუერთდება.
ტესტებისას ავტომობილი იმდენადაა შენიღბული, რომ რაიმეს გარკვევით თქმა შეუძლებელია. ერთი რამ აშკარაა, მისი სერიული ვერსია კონცეპტუალურისგან გარეგნულად ძლიერ განსხვავებული იქნება, რადგან ფრანკფურტის მოტორ შოუსთვის მომზადებული კონცეპტუალური ავტომობილის ძარა, ბევრი არასერიული ელემენტით იყო გამდიდრებული. სერიული ვერსია კი გაცილებით კონსერვატიული გარეგნობისა იქნება.
ბავარიელები i3–ის ორი განსხვავებული ვერსიის წარმოებას აპირებენ. მათგან ერთი პლაგ–ინ ელექტრომობილი იქნება, რომლის ელექტროძრავსაც ენერგიით მხოლოდ აკუმულატორები მოამარაგებს. ამ ვერსიაზე ელექტროძრავი საბარგულის ქვეშ მოთავსდება და ის უკანა ბორბლებს დაატრიალებს. ამ ავტომობილის სვლის სიშორე შეზღუდული იქნება.
მეორე ვერსიაზე, ჰიბრიდულ სისტემას გამოიყენებენ, რომელსაც ენერგიის დამხმარე წყაროდ, ბენზინის მცირელიტრაჟიანი ძრავი და მასთან შეწყვილებული გენერატორი მოემსახურება. ამგვარად, ასეთი ავტომობილის სვლის სიშორე მნიშვნელოვნად გაიზრდება.
დაბოლოს, არაა გამორიცხული, რომ ბავარიელებმა, თავიანთი ახალი ტექნოლოგიები, რომლებსაც მძღოლის დამხმარე ფუნქციები ექნება, პირველად სწორედ i3–ზე გამოიყენონ.
No comments:
Post a Comment