19 თებერვალი
კონცეპტუალური „ბუგატი EB.LA“ პფორცჰაიმის უნივერსიტეტის სტუდენტ მარიან ჰილგირსის სადიპლომო ნამუშევარია და ის სტუდნტური ნამუშევრების გამოფენაზე
იყო წარმოდგენილი. პროექტის განმარტებაში ჰილგირსი ამბობს, რომ არ მოსწონს „ბუგატი ვეირონი“, რადგან ეს ძალიან მძიმე მანქანაა და ამის გამო, წარმოუდგენელ ტემპერამენტს მხოლოდ სწორ ტრასებზე ავლენს. არადა, თავის დროზე, ეტორე ბუგატიმ მსუბუქი, მკვირცხლი სარბოლი ავტომობილებით გაითქვა სახელი, ავტომობილებით, რომლებიც გაცილებით მძლავრსა და ზორბა მეტოქეებს, თავისი მანევრულობით ჯობნიდა...„რა იქნებოდა, ჟან ბუგატი რომ არ დაღუპულყო?“ - ამ კითხვას სვამს პროექტის ავტორი და თავისი ნამუშევრით პასუხობს - მსუბუქი და ესთეტიკურად დახვეწილ ავტომობილს შექმნიდა. აბრევიატურა სწორედ ამას გვეუბნება - EB ეტორე ბუგატის ნიშნავს, LA კი - ლაითვეით ესთეტიკს (სიმსუბუქის ესთეტიკას).
თავის შეხედულებას 24 წლის სტუდენტს ამპარტავნობაში ნუ ჩაუთვლით - „ბუგატი ვეირონი“ ხომ არც თვით „მაკლარენის“ შეფ რონ დენისს მოსწონს, რომელმაც ამ ჰიპერ ავტომობილს სწორედ სიმძიმე და გარეგნობა დაუწუნა... მაგრამ დენისის კომპანიამ შესანიშნავი სუპერ ავტომობილი შექმნა. ჰილგერსს კი... მას ჯერ მხოლოდ კონცეპციების შექმნა ეხერხება და მისი ნამუშევარი ფურცელზე მაინც ისეთია, რომ პრეტენზიის გამოთქმის უფლებას ესეც აძლევს:
ამ ავტომობილში გაერთიანებულია: „სტრუქტურასთან და ფუნქციურობასთან შეხამებული ტექნიკური სიახლეები, რომლებიც მთლიანობაში მსუბუქ და ეფექტურ კონსტრუქციას ქმნის. ავტომობილს აქვს რბოლებისადმი მიდრეკილება და გააჩნია უბადლო მანევრულობა“.
რა თქმა უნდა, ამის დაწერა უფრო ადვილია, ვიდრე განხორციელება. მაგრამ თანამედროვე კომპანიები სწორედ იმას ქმნიან, რასაც უწერენ. და თუ პირველი ცდით მიზანს ვერ აღწევენ, თავიანთ ქმნილებას ტესტირების პროცესში ხვეწენ. და საბოლოოდ ისეთ პროდუქტს ღებულობენ, როგორის შექმნასაც მათ პროექტის, კონცეპციის ავტორი ავალებდა.
ჰილგერსის „ბუგატის“ სიგრძე 4.62 მეტრია, სიგანე 1.96 მეტრი, სიმაღლე კი 1.10 მეტრი. „ვეირონის“ შესაბამისი ზომებია: 4.46, 2.00 და 1.20 მეტრი. „ბუგატი EB.LA-ს“ სალონში სამი სავარძელია (როგორც მაკლარენ F1-ში). მათგან ერთი - პილოტისა ცენტრში, წინ წაწეულ პოზიციაზეა, დანარჩენი ორი კი - მის გვერდებზე და ოდნავ უკან დაწეულია.
რა თქმა უნდა, ამ პროექტში ყველაზე საინტერესო, ავტომობილის დიზაინია. პროექტის ავტორმა „ბუგატის“ მთავარი განმასხვავებელი ნიშანი - რადიატორის ბადე უცნაური ფორმით შემოგვთავაზა. მაგრამ მის ნამუშევარში ყველაზე საინტერესო მაინც სახურავის საყრდენებია. წინა საყრდენს ზწვითკენ წაწვეტებული ფორმა აქვს და მეტისმეტად უკანაა დაწეული. ის რბილად გადადის სახურავში, რომელიც ფაქტობრივად, უკანა საყრდენში გადადის. თუმცა, წინა საყრდენისა და სახურავის შეერთების ადგილიდან მოყოლებული, მანქანა უცნაური ფორმის ხუფითაა დაფარული, რომელიც წინ ძალიან შორსაა წაწეული და რთული ფორმის საქარე შუშაშია შეჭრილი. უკან კი „თავისი“ საყრდენით მთავრდბა, რომელიც ძირითად უკანა საყრდენს ფარავს და უკანა ბორბლის თაღის ზედა ნაწილთანაა დაკავშირებული. მოკლედ, საკმაოდ უცნაური ფორმებია, თუმცა ასევე ორიგინალურიც. ავტორი თვლის, რომ ასეთი ფორმებით, ძარას მეტ სიხისტეს მიანიჭებს.
მანქანის უკანა ნაწილს ორი შეტყუპებული კილის მაგვარი სტრუქტურა აქვს, რომელიც სახურავშიცაა შეჭრილი და უკანაც კარგა გვარიანად სცდება ძარის ძირითად ნაწილს. მას სამი „სასუნთქი“ ჭრილი აქვს საიდანაც სავარაუდოდ, ძრავის სექციაში დაგროვილი გახურებული ჰაერი გამოიდევნება. რაც შეეხება ფარებს, წინაც და უკანაც, მათი ბუმერანგის მოყვანილობა აქვს.
თუ მანქანას ზევიდან დახედავთ (მისი ესკიზის ზედხედს ნახავთ), სამხედრო თვითმფრინავთან მსგავსებას აღმოაჩენთ. და აქვე კილების დანიშნულებაც გასაგები გახდება. კიდევ ერთი უცნაურობა, მოკლე ცხვირია და რაც მთავარია, ჩასაჯდომი სექცია - ავტომობილს კარი არ აქვს და სამივე ადამიანი მასში წინიდან ჯდება. ამისათვის კი საკმარისია არასწორი ოვალის ფორმის წინა ხუფის მოხსნა. ხუფი თავის სტრუქტურაში საქარე მინას და სახურავის წინა ნაწილს აერთიანებს. ის წინ იწევა და ჩასაჯდომად დიდ ადგილს ათავისუფლებს. თუმცა ამის მიუხედავად, ამ მანქანის სალონში მოხვედრა მაინც ძნელი უნდა იყოს...
რაც შეეხება „ბუგატი EB.LA-ს“ ძრავს, ის ჰიბრიდული დანადგარია, რომელშიც შიდაწვის ოთხცილინდრიანი ძრავი და ორი ელექტროძრავია გაერთიანებული. ჰილგერსი ამბობს, რომ ამ ჰიბრიდული დანადგარის ჯამური სიმძლავრე 600 ცხენის ძალას მიაღწევს. ეს კი სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ 750-კილოგრამიან ავტომობილს შესანიშნავი დინამიკური მახასიათებლები მიანიჭოს.
ძნელი სათქმელია, ასეთი ავტომობილის წარმოებას ისურვებდა თუ არა ჟან ბუგატი, მაგრამ ეს მტავარი არაა. მთავარი ისაა, რომ ჰილგერსი ორიგინალური იდეების ნაკლებობას არ უჩივის და თავის ფანტაზიებსაც უშიშრად აძლევს გასაქანს...
No comments:
Post a Comment