Pininfarina Cambiano Concept is a Classic GT Coupe on One Side, a Saloon on the Other
27 თებერვალი
სხვა იტალიელ დიზაინ ატელიეებთან ერთად, ჟენევის საავტომობილო გამოფენაზე „პინინფარინაც“ წარსდგება. მის სტენდზე კი კონცეპტუალური „კამბიანო“ დაგხვდებათ, ავტომობილი, რომელიც ერთდროულად შეიძლება კლასიკურ GT კუპედაც ჩათვალოთ და სედანადაც. მის შესახებ პირველ ინფორმაციას კი იტალიური გამოცემა „კვატრორუტე“ ავრცელებს.
როცა „პინინფარინამ“ ამ ავტომობილის პირველი ფოტო ტიზერები გაავრცელა, ის სედანად წარმოგვიდგინა, თუმცა „კვატრორუტეს“ მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, რომ „კამბიანო“ ორკარიანი კუპეა. სწორედ აქედან წარმოიქმნა ის გაორება, რომლითაც მის შესახებ თხრობა დავიწყეთ. მოკლედ, გინდათ კუპე დაარქვით და გინდათ - სპორტული სედანი (უბრალო სედანად ძნელი გასამეტებელია).
თუ არჩევანი ვერ გააკეთეთ, თავგზას უფრო აგირევთ (და პინინფარინას დავაბრალებ): „კამბიანოს“ მძღოლის მხრიდან ერთი კარი აქვს, მეორე მხარეს კი - ორი, ზუსტად ისე, როგორც „ჰიუნდაი ველოსტერს“. ოღონდ, კორეული ავტომობილისგან განსხვავებით, ორივე კარი ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით იღება. ამ მხარეს ავტომობილს შუა საყრდენი არ აქვს. ეს კი სალონში შესვლას აადვილებს.
რა თქმა უნდა, „პინიფარინას“ ნამუშევარში მთავარი, ავტომობილის გარეგნობაა. „კამბიანო“ გლუვი, აეროდინამიკურად ოპტიმალური ფორმებით გამოირჩევა. მასზე მუშაობისას, დიზაინერებმა შთაგონება „პინინფარინასვე“ მიერ 1957 წელს შექმნილი „ლანჩა ფლორიდა II-სგან“ მიღეს. სალონიც შესაბამისი - მინიმალისტურ სტილშია შესრულებული. იქ ოტხი სავარძელია მოტავსებული, სახურავი კი შუშისაა.
„კამბიანოს“ სიგრძე თითქმის 5 მეტრი, სიგანე კი 2 მეტრია. მისი წონა კი თითქმის - 1700 კილოგრამი. ავტომობილი ჰიბრიდული დანადგარითაა აღჭურვილი, რომელშიც ელექტროძრავები მას მამოძრავებელ ძალას ანიჭებს, შიდაწვის ძრავი კი ენერგიას გამოიმუშავებს. ელექტროძრავი ოთხია და ისინი „თავთავიანთ“ ბორბლებს ამოძრავებენ. თითოეულის სიმძლავრე 80 ცხენის ძალაა. რაც შეეხება შიდაწვის აგრეგატს, ის დიზელის საწვავზე მუშაობს და გენერატორს ატრიალებს, რომელიც აკუმულატორს კვებავს.
„პინინფარინას“ ინფრომაციით, „კამბიანოს“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 4.2 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 275 კმ/სთ-ს აღწევს. აკუმულატორების ტევადობა უცნობია, თუმცა რელიზი გვამცნობს, რომ ისინი ავტომობილს ერთი სრული დამუხტვით, 200 კილომეტრის გავლის საშუალებას აძლევს.
No comments:
Post a Comment