China and U.S.A. are Key to Bentley’s Plan to Double its Sales
28 თებერვალი
გაჭიანურებული გლობალური კრიზისის მიუხედავად, „ბენტლიმ“ შარშან გაყიდვები 30 პროცენტით გაზარდა. უფრო მეტიც, ამით დაკმაყოფილებას არ აპირებს და შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში, გაყიდვების გაორმაგებას გეგმავს.
აქციონერებთან შეხვედრისას, „ბენტლის“ მთავარმა აღმასრულებელმა ვოლფგანგ დურჰაიმერმა (ფოტოზე) კმაყოფილება გამოთქვა მიღწეული შედეგებით - მისმა კომპანიამ შარშან 8000 ავტომობილი გაჰყიდა. თუმცა ის თვლის, რომ მალე ამ რიცხვის 1500-მდე გაზრდაა შესაძლებელი. გამოცემა „ავტომოტივ ნიუს იუროპთან“ საუბრისას მან განაცხადა, რომ ესოდენ მნიშვნელოვანი ზრდის მიღწევა, ჩინეთისა და ამერიკის ბაზრების პოტენციალის სრულად ათვისებით იქნება შესაძლებელი.„ამჟამად, ჩვენს ავტომობილებზე ჩინეთში ნამდვილი ბუმია. იქ შარშან 1839 ავტომობილი გავყიდეთ, რითაც ჩინეთი „ბენტლისტვის“ მეორე უდიდესი ბაზარი გახდა. თუმცა, ყველა ნიშანია იმისა, რომ მალე ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ბაზარი გახდება“, - ამბობს დურჰაიმერი.
შარშან ამერიკის ბაზარზე „ბენტლიმ“ 2021 ავტომობილის რეალიზება შეძლო, რაც წინა წელთან შედარებით, 32 პროცენტით მეტია. მთელს მსოფლიოში კი 7003 ცალი „ბენტლი“ გაიყიდა, თუმცა ეს რეკორდული მაჩვენებელი მაინც არაა - კრიზისის წინ, „ფოლკსვაგენის“ ჯგუფში შემავალმა ბრიტანულმა კომპანიამ 10014 ავტომობილის რეალიზება შეძლო.
დურჰაიმერი ასევე ამბობს, რომ „ბენტლიმ“ ევროპის ბაზარზე, გაყიდვების ორნიშნა ზრდას უნდა მიაღწიოს. შარშან ძველ კონტინენტზე 1187 ავტომობილი გაიყიდა, რაც გლობალური გაყიდვების 17 პროცენტია. ოღონდ, ამ მაჩვენებელში არ შედის ბრიტანეთში გაყიდული 1031 ავტომობილი.
გლობალურ ბაზარზე გაყიდვების ზრდის მაღალი ტემპის უზრუნველსაყოფად, „ბენტლი“ 25 ახალი სადლერო შოურუმის გახსნას აპირებს, რომელთაგან 10 ჩინეთში განლაგდება. ახალი შოურუმები ასევე ინდოეთში, სამხრეთ აფრიკასა და რუსეთში ამოქმედდება.
დურჰაიმერი დასძენს, რომ წლიურად 15000 ცალი ავტომობილის გაყიდვა ახლანდელი სამოდელო გამით უნდა მოხერხდეს. თუმცა, დაგეგმილ პერიოდში, კომპანია ბაზარზე უგზოობის მოდელს გამოუშვებს, რომლის გაყიდვების მოცულობაც 3000-5000 უნდა იყოს.
No comments:
Post a Comment