McLaren P12 to be Revealed at the 2012 Monaco Grand Prix
28 თებერვალი
„მაკლარენის“ ახალი სუპერავტომობილის პრემიერა მონაკოს დიდ პრიზზე შედგება. ეს ავტომობილი ბრიტანული კომპანიის საწარმოო პროგრამაში, ლეგენდარული F1-ის ადგილს დაიკავებს. ამ ეტაპზე, ახალი ავტომობილი P12-ის სახელითაა ცნობილი, თუმცა მის სერიულ ვერსიას ალბათ სახელს შეუცვლიან. მართალია, მისი ოფიციალური დებიუტი მაისში იგეგმება, მაგრამ P12-ის გაყიდვები 2014 წლამდე არ დაიწყება.
„მაკლარენის“ ფლაგმანი მოდელის შესახებ ინფორმაცია პრესაში ორის წლის განმავლობაში პერიოდულად ჩნდება. მის შემუშავებას „მაკლარენის“ მთავარი დიზაინერი ფრენკ სტივენსონი ხელმძღვანელობდა. F1-ისგან განსხვავებით, P12 ორადგილიანი ავტომობილია. მას აგრესიული გარეგნობა გამოარჩევს. აღსანიშნავია, რომ სტივენსონის მიერაა შემუშავებული ისეთი ავტომობილები, როგორებიცაა „მაკლარენ MP4-12C“, ახალი „მინი“, „მაზერატი MC12“, „ფერარი F430“ და „მაზერატი კვატროპორტე“.
„მაკლარენი“ P12“ იმავე 3.8-ლიტრიანი წყვილტურბოიანი ძრავით აღიჭურვება, რომელიც მამოძრავებელ ძალას MP4-12C-ს ანიჭებს. თუმცა, მისი სიმძლავრე 800 ცხენის ძალამდე გაიზრდება. მასთან წყვილში იმუშავებს კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა (კერს), როგორსაც „მაკლარენი“ თავის ფორმულა ერთის ბოლიდებზე იყენებს.
გავრცელებული ინფორაციით, „მაკლარენი“ P12-ის“ წონა 1400 კილოგრამს მიაღწევს, რაც 600 კილოგრამზე მეტით ნაკლებია „ბუგატი ვეირონის“ წონაზე. ამიტომ, ნაკლები სიმძლავრის მიუხედავად (საბაზო ვეირონს 1000 ცხენის ამოძრავებს), მცირე წონის წყალობით, „მაკლარენის“ სუპერ ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 416 კმ/სთ-ზე მეტი იქნება. ადგილიდან ასამდე ასაჩქარებლად მას 2.8 წამი ჰყოფნის, 160 კმ/სთ სიჩქარეს კი 5.5 წამში აღწევს.
„მაკლარენის“ სულ 500 ცალი MP12-ის წარმოებას გეგმავს და თითოეულს 750 ათას ევროდ გაჰყიდის.
No comments:
Post a Comment