This is the New Volkswagen Golf MK7's MQB Platform
2 თებერვალი
ახლოვდება „ფოლკსვაგენის“ ყველაზე პოპულარული ავტომობილის, მეშვიდე თაობის „გოლფის“ პრემიერა. ინტერნეტში უკვე გამოჩნდა ფოტოები, რომლებზეც ის ტესტირების დროს, საგულდაგულოდ შენიღბულია დაფიქსირებული. და სანამ ვოლფსბურგელები მას გაგვაცნობენ, იმ უახლესი პლატფორმის პრეზენტაცია ჩაატარეს, რომელზეც არამხოლოდ „გოლფი“, არამედ მათი უამრავი სხვა ავტომობილიც აეწყობა.
პლატფორმა MQB–ს (მოდულარერ ქუერბაუკასტენ) სახელითაა ცნობილი. ეს პლატფორმა ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომელიც „ფოლკსვაგენმა“ ბოლო პერიოდში შექმნა. მალე მასზე „პოლოს“, „ხოჭოს“, „გოლფს“ „სკიროკოს“, „ჯეტას“, „ტიგუანს“, „ტურანს“, „შარანს“, „პასატს“, „პასატ CC–ს“ და ვოლფსბურგულ ჯგუფში შემავალი „აუდის“, „შკოდას“ და „სეატის“ მოდელებს დაამყნობენ.
ამ პლატფორმის მთავარი თვისება, მისი მოქნილობაა. კერძოდ, ადვილად იცვლება მისი ბაზა, კვალის სიგანე, ბორბლების ზომა და საჭის პოზიციები, რისი წყალობითაც, მას სხვადასხვა კლასის ავტომობილებზე გამოიყენებენ. პლატფორმას უცვლელი ექნება მანძილი სატერფულებიდან საჭის რგოლამდე. ამგვარად, სხვადასხვა კლასის მოდელისთვის უნიფიცირების დროს, პლატფორმის წინა ნაწილი უცვლელი დარჩება.
„ფოლკსვაგენის“ განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმას ბაზა და კვალი ცვალებადი აქვს, ყველა ავტომობილს, რომლებიც MQB პლატფორმას დაეყრდნობა, ერთსადაიმავე კონვეიერზე ააწყობენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთ ქარხანაში, ერთდროულად „სეატ იბიცას“ და „პასატ CC–ს“ წარმოება იქნება შესაძლებელი. ეს კი საწარმოო ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს, რაც ავტომობილების კონკურენტულ ფასსა და გაყიდვის მაღალ მარჟაში აისახება.
გარდა ამისა, „ფოლკსვაგენმა“ გამოაცხადა, რომ შემუშავებული აქვს ძრავების ორი გამა (ორივეში ოთხცილინდრიანი, მცირელიტრაჟიანი ძრავები შევა), რომლებიც MQB პლატფორმაზე ინტეგრირდება. ესენია ბენზინის მოდულური ძრავი (MOB) და დზელის მოდულირუ ძრავი (MDB). პირველში შემავალი ძრავების სიმძლავრე 60–150 ცხენის ძალა იქნება, მეორისა კი – 90–190 ცხენის ძალა. ამასთან, ბენზინის ძრავები, ცილინდრების დეაქტივაციის სისტემით აღიჭურვება. ამგვარად, ეს იქნება მსოფლიოში პირველი ოთხცილინდრიანი აგრეგატი, რომელსაც ამ ტიპის სისტემა მოემსახურება.
გერმანული კომპანია აცხადებს, რომ ძრავების ახალი სერიები, ჯგუფის ძრავებისა და გადაცემათა კოლოფების ვარიანტების რიცხვს, 90 პროცენტით შეამცირებს. ესეც წარმოების ხარჯების შემცირებას და ახალი მოდელების შექმნის ვადებს შეამცირებს.
პირველი ავტომობილი, რომლის ბაზისადაც MQB გამოიყენეს, „აუდის“ ახალი A3–ია, რომლის მსოფლიო პრემიერაც ჟენევის მოტორ შოუზე ჩატარდება. რაც შეეხება მეშვიდე თაობის „გოლფს“, მას პირველად პარიზის მოტორ შოუზე გვიჩვენებენ.
No comments:
Post a Comment