Rosberg keeps Mercedes on top on third morning in Jerez F1 test
9 თებერვალი
ნიკო როსბერგი |
მართალია, ხერესში მიმდინარე წინასასეზონო ტესტების მესამე დღეს, მიხაელ შუმახერი და ნიკო როსბერგი ტრასაზე ერთდროულად არ გასულან, მაგრამ ახალგაზრდა გერმანელმა თითქმის წამი მოაკლო თავისი სახელოვანი თანამემამულის იმ შედეგს, რომელიც მან წინა დღეს დააფიქსირა.
მათ შორის კი, ვინც ახალი მანქანით ვარჯიშობს, უსწრაფესი ფრანგი რომენ გროჟანი იყო, რომელმაც შუმახერის გუშინდელ დღესაც აჯობა და სამი დღის ჯამშიც, ახალი მანქანით ყველაზე სწრაფი სწორედ ისაა. სხვათა შორის, გროჟანმა წრე წუთსა და 20 წამზე ნაკლებში რამდენჯერმე გაიარა. არადა, ამ ბარიერის გადალახვა ამ სამ დღეში ბევრს გაუჭირდა.
რომენ გროჟანი |
სესიის პირველი ნახევრის განმავლობაში, სწორედ გროჟანი იყო უსწრაფესი, მაგრამ შემდეგ მას როსბერგმა აჯობა. პადკში ხმა გავრცელდა, რომ „მერსედესს“ ახალი მანქანაც მზად აქვს, მაგრამ ტრასაზე მისი ტამოყვანა შეგნებულად გადადო, რადგან მანქანის წინა ნაწილში განსაკუთრებული სიახლე აქვს და მისი ნაადრევად ჩვენება არ სურსო... ასეა თუ ისე, ამ მანქანას ბარსელონას ტესტებამდე ვერ ვნახავთ.
მესამე საუკეთესო დრო ლუის ჰამილტონს ჰქონდა, რომელიც პირველად მიუჯდა ახალი „მაკლარენის“ საჭეს. თუმცა ის გროჟანს წამზე მეტით ჩამორჩა. სამაგიეროდ, თითქმის ამდენივეთი აჯობა თანაგუნდელ ჯენსონ ბატონის მიერ წინა ორი დღის განმავლობაში ნაჩვენებ საუკეთესო შედეგს. მეოთხე და მეხუთე დროები ჟან–ერიკ ვერნს (ტორო როსო) და სერხიო პერესს (მექსიკა) აქვთ. ეს უკანასკნელი საუკეთესო დროს მანამ ინარჩუნებდა, სანამ ტრასაზე როსბერგი და გროჟანი გამოვიდოდნენ. მხოლოდ მე–6 დროს დასჯერდა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სებასტიან ფეტელი, რომელიც პირველად მართავდა ახალ მანქანას. ამასთან, ის თანაგუნდელ მარკ უებერის საუკეთესო დროს თითქმის წამით ჩამორჩა.
ლუის ჰამილტონი |
მესამე დღის პირველ სესიას ბევრი მაყურებელი დაესწრო, რომლებსაც თავიანთი თანამემამულის, ესპანელი ფერნანდო ალონსოს ვარჯიშის ხილვა სურდათ. მაგრამ ისინი გაწბილებულები დარჩნენ, რადგან ჯერ ერთი, ალონსომ ტრასაზე ცოტა დრო (სხვებთან შედარებით) დაჰყო და მეორეც, მხოლოდ მე–7 შედეგს დასჯერდა. როგორც მალევე გაირკვა, მის მანქანაზე ჰიდრავლიკა გაჭირვეულდა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმაც სესიის მეტი წილი ბოქსებში გაატარა. ეს დროც მხოლოდ მას შემდეგ დააფიქსირა, რაც მისი მანქანა ჭკუაზე მოიყვანეს.
ხერესი. მესამე დღის დილის სესია
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედსი) 1:17.613 (74 წრე)
2. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:8.419 (+0.806, 53 წრე)
3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:19.464 (+1.851, 38 წრე)
4. ჟან–ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:19.734 (+2.121, 41 წრე)
5. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:19.770 (+2.157, 31 წრე)
6. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:20.154 (+2.541, 28 წრე)
7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:20.412 (+2.799, 29 წრე)
8. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი) 1:21.293 (+3.680, 61 წრე)
9. ხიეო ვან დერ გარდე (ჰოლანდა, კატერჰემი) 1:23.505 (+5.892, 40 წრე)
No comments:
Post a Comment