Mercedes unveils its W03 2012 Formula 1 car
21 თებერვალი
ეს დღეც დადგა - „მერსედეს GP-მ“ თავისი ახალი სარბოლი ავტომობილი, W03 გაგვაცნო. პრეზენტაცია საქმიან ვითარებაში, ბარსელონას მონტმელოზე, ტესტების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გაიმართა. ახალ მანქანას საბურველი გუნდის გერმანელმა პილოტებმა - მიხაელ შუმახერმა და ნიკო როსბერგმა ჩამოხსნეს.
მარცხნიდან: როსბერგი, ბრაუნი, ჰაუგი და შუმახერი |
W03 პირველად ფოტოკამერებმა რამდენიმე დღის წინ დააფიქსირეს, როდესაც როსბერგმა და შუმახერმა ის სილვერსტოუნზე, ფოტო და ვიდეო სესიისთვის გაინავარდეს. კვირას კი გუნდმა ბარსელონაში პრივატული ტესტი მოაწყო - ხერესის ტესტებზე გამოტოვებული ერთი დღე აინაზღაურა.
პრეზენტაციის წინა დღეს, „მერსედესის“ მოტორსპორტის შეფმა ნორბერტ ჰაუგმა ბრიტანულ გამოცემა „ავტოსპორტს“ განუცხადა, რომ ახალ მანქანაზე რადიკალური სიახლეები არ გამოუყენებიათ, რითაც მოარულ ხმებს საფუძველი გამოაცალა. თვალსაჩინო სიახლეებიდან ყველაზე მთავარი მანქანის კეხიანი ცხვირია, ოღონდ, სამქიმიანების კეხი მეტოქეთა მანქანების ანალოგიური ნაწილისგან ოდნავ განსხვავებულია - შასის წინა ნაწილსა და ცხვირის კონსტრუქციას შორის გადასვლა უფრო გლუვია.
ჰაუგი იმედოვნებს, რომ წინა ორი სეზონისგან განსხვავებით, მისი გუნდის პილოტებს უფრო ხშირად ვიხილავთ მოწინავე სამეულში. ამის იმედს მას ის გარემოება აძლევს, რომ გასული სეზონის განმავლობაში, ინჟინრებმა ყველა ის ხარვეზი დააფიქსირეს, რომლებიც მანქანას ლიდერებთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდა. თანაც, ახალი რეგლამენტი ორმაგი დიფუზორისა და ჩასაბერი დიფუზორის გამოყენების საშუალებას არ იძლევა, ეს კი სწორედ ის ელემენტებია, რომლებითაც ყველაზე მეტად სწორედ „რედ ბულმა“, „მაკლარენმა“ და „ფერარიმ“ იხეირეს. სწორედ ამიტომ, მოსალოდენლია, რომ ყველა გუნდის შესაძლებლობები მეტნაკლებად გათანაბრდება.
გარდა ამისა, გუნდის შეფმა როს ბრაუნმა ბოლოსდაბოლოს თავისი გაიტანა და „დაიმლერის“ შეფ დიტერ ცეტშესგან ტექნიკური პერსონალის შევსების უფლება მიიღო. ამან კი „რენოდან“ (ახლანდელი ლოტუსისგან) ბობ ბელის, „ფერარიდან“ ალდო კოსტას და „უილიამსიდან“ ჯეფ უილისის გადაყვანის საშუალება მისცა. მოკლედ, ბარსელონაში დღეს დაწყებულ ტესტებზე, სამქიმიანებიც ახალი მანქანებით ივარჯიშებენ.
No comments:
Post a Comment