Thursday, February 16, 2012

ჰამილტონს MP4-27 არ მოეწონა

Hamilton 'disappointed' with 2012 McLaren
16 თებერვალი
ლუის ჰამილტონი ხერესის ტესტების შემდეგ უკმაყოფილოა. მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონი ტესტების დასრულების შემდეგ ამაზე არ ლაპარაკობდა, თუმცა ახლახანს, გერმანულ გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტთან“ საუბრისას აღიარა, რომ „მაკლარენMP4-27-ის“ მართვადობა უკეთესის სურვილს უტოვებს. მისი თქმით, მანქანა სწრაფ მოსახვევებში ძნელად სამართავია. მან აღიარა, რომ საუკეთესო შედეგი მაშინ დააფიქსირა, როდესაც ავზში მინიმალური საწვავი ესხა.

გერმანული ჟურნალის სპეციალისტებმა, „ლოტუსის“ და „მაკლარენის“ ხერესული შედეგების ანალიზი ჩაატარეს, რის შემდეგაც დაასკვნეს, რომ პირველი მეორეს საშუალოდ წრეზე წამს უგებს. ჟურნალის ანალიტიკოსები თვლიან, რომ შესაძლოა, ჩამორჩენის მთავარი მიზეზი, „მაკლარენის“ მანქანის ნაკლებად აწეული ცხვირია. ყოველ შემთხვევაში, ჰამილტონი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, სწორედ ასეა: „როცა ჩვენი მეტოქეების მანქანების აწეული ცხვირები დავინახე, დავფიქრდი იმაზე, თუ რამდენად გამართლებული იყო ამ საკითხისადმი ჩვენი კონსტრუქტორების მიდგომა“.
„აუტო მოტორ უნდ შპორტის“ ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ სეზონის დასაწყისში, „მაკლარენი“ თავისი მანქანის კონსტრუქციული თავისებურებებით ვერ იხეირებს. არადა, 2009 წელს, მათ ორმაგი დიფუზორი დაეხმარა, შემდეგ სეზონში ჰაერსადინარი, გასულ სეზონში კი გუნდი ძალიან ეფექტურად იყენებდა ეგრეთ წოდებულ ჩასაბერ დიფუზორს. მაგრამ ახლა ასეთი კონსტრუქციები აკრძალულია და უცნობია, რით შეძლებს „მაკლარენი“ ამ დანაკარგების ანაზღაურებას.
ესპანურ გამოცემა „მარკასთან“ საუბრისას, ჰამილტონმა განაცხადა, რომ ახალი მანქანის ზოგიერთი დეტალი ისე ვერ მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს და იმედი გამოთქვა, რომ სეზონის დაწყებამდე ყველაფერი გამოსწორდება. ამასთან, მისი თქმით, სეზონის წინ მთავარი გამოწვევები ახალ რეგლამენტთან და საბურავებთან შეწყობა წარმოადგენს.
იმავდროულად, ჰამილტონი თვლის, რომ „მაკლარენი“ ახალი სეზონისთვის გაცილებით უკეთაა მომზადებული, ვიდრე გასული სეზონის წინ იყო. ის დარწმუნებულია, რომ სეზონის დაწყებამდე, ყველა პრობლემა აღმოიფხვრება. ამასთან, იმასაც ხაზი გაუსვა, რომ ამ ეტაპზე, ვარჯიშების დროს საუკეთესო დროის ჩვენება პრიორიტეტული ამოცანა არაა და მანქანების რეალური შესაძლებლობები პირველივე რბოლაში გამოჩნდება.

No comments:

Post a Comment