Thursday, February 16, 2012

„რენო“ ახალ ლუქს მოდელს „მერსედესის“ პლატფორმაზე შეიმუშავებს

Renault to Build a New Luxury Model Based on a Mercedes Platform
16 თებერვალი
„რენო-ნისანის“ ალიანსი „დაიმლერის“ ლუქს კლასის მწარმოებელ კომპანია „მერსედეს-ბენცთან“ პარტნიორულ ურთიერთობებს ამყარებს. სულ უფრო მატულობს იმ პროექტების რაოდენობა, რომლებზეც ისინი ერთობლივად მუშაობენ.

მაგალითად, ჟენევაში გერმანული კომპანია ახალ კონცეპტუალურ საქალაქო მინივენ „სიტი ვენს“ წარადგენს, რომელიც „რენოს“ მიერ შემუშავებულ პლატფორმაზეა აგებული. სამქიმიანები „ნისანის“ ტენესის ქარხანაში ძრავებს გამოუშვებენ, რომელსაც იაპონური კომპანია „ინფინიტის“ მოდელებზე გამოიყენებს. ამასთან, პარტნიორებმა ერთობლივად შეიმუშავეს სუბკომპაქტური პლატფორმა, რომელზეც ფრანგული კომპანია „ტვინგოს“, გერმანული კი ახალ „სმარტს“ გამოუშვებს.
ახლახანს კი, პარიზში, „რენოს“ შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ფრანგულ-იაპონური ალიანსის მთავარმა აღმასრულებელმა კარლოს გონმა განაცხადა, რომ „რენოს“ ახალ ლუქს კლასის სედანზე მუშაობა დაწყებული აქვს და რომ ეს ავტომობილი „მერსედეს-ბენცის“ პლატფორმაზე მზადდება.
„სულ ცოტა, „დაიმლერის“ ერთი პლატფორმა ჩვენც გამოგვადგება. მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ამ კომპანიასთან ჩვენი თანამშრომლობა მარტო ერთი მხარისთვის სასარგებლოდ არ განვითარდება. მარტო „დაიმლერი“ არ სარგებლობს ჩვენი პატარა ავტომობილების პლატფორმით. სამაგიეროდ, „რენო“ მათგან ძრავებს მიიღებს“, - ამბობს გონი.
„რენოს“ ჯგუფის მთავარი მმართველი კარლოს ტავარესი დასძენს, რომ ფრანგული კომპანია ლუქსის კლასის სამი ავტომობილის გამოშვებას აპირებს. მათ შორის იქნება სრულგაბარიტიანი მინივენი „ისკეიპი“. მეორე ავტომობილზე მას არაფერი უთქვამს. სამაგიეროდ მესამეზე განაცხადა, რომ მას „მერსედეს-ბენცის“ პლატფორმაზე შექმნიან. „მათს პლატფორმას გამოვიყენებთ და მასზე ჩვენს მიერ შემუშავებულ ძარას დავდგამთ“, - ამბობს ტავარესი. გონი კი დასძენს, რომ ამ ავტომობილს აუცილებლად საფრანგეთში გამოუშვებენ.
ცნობისათვის, „რენომ“ რამდენჯერმე სცადა ლუქსის კლასში შეღწევა, მაგრამ ყოველთვის წარუმატებლად. პირველი მცდელობა იყო მოდელი 20/30, რომელსაც 1975 წლიდან 1984 წლამდე უშვებდა, მოდელი 25 (1983-1992), „შაფრანი“ (1992-2000) და ბოლოს „ველ სატისი“ (ფოტოზე, 2001-2009), რომელსაც თავისი უგემოვნოდ შესრულებული გარეგნობის გამო, კრიტიკა არ მოჰკლებია.

No comments:

Post a Comment