Wednesday, February 15, 2012

„ტესლამ“ ელექტრულ ქროსოვერ „მოდელ X-ზე“ უკვე 500 შეკვეთა მიიღო


Tesla takes 500 Model X reservations worth $40M, Model S sales also spike
15 თებერვალი
სულ ოთხი დღე დასჭირდა კალიფორნიულ კომპანია „ტესლას“ იმისათვის, რომ თავის ახალ ელექტრომობილზე, ქროსოვერ „მოდელ X-ზე“ 500 შეკვეთა მიეღო. ამით კომპანიამ 40 მილიონი დოლარის შემოსავლის გარანტია მიიღო, რაც მის წამგებიან ბიზნესს ძლიერ გამოადგება.

„ტესლამ“ ამ ქროსოვერის საჩვენებელი ტესტი საკუთარ დიზაინ სტუდიის სიახლოვეს, 10 თებერვალს ჩაატარა, შემდეგი ოთხი დღის განმავლობაში კი 500-ზრ მეტი წინასწარი შეკვეთა მიიღო. გარდა ამისა, ამავე პერიოდში, ამ ავტომობილის სახელწოდება, გუგლის საძიებო ქსელში მესამე ყველაზე პოპულარული სახელი იყო, კომპანიის საიტზე შემსვლელთა რაოდენობა კი 2800 პროცენტით გაიზარდა!
ეს მაჩვენებლები მით უფრო საინტერესოა, რომ ბაზარზე „მოდელ X“ 2014 წელზე ადრე ვერ გამოჩნდება. უფრო მეტიც, ჯერ სედან „მოდელ S-ის“ წარმოებაც არ დაწყებულა, ავტომობილისა, რომლის პლატფორმაზეცაა ბაზირებული „მოდელ X“. ისიც აღსანიშნავია, რომ ქროსოვერზე შეკვეთების ნაწილი იმ მყიდველებს ეკუთვნის, რომლებსაც ადრე ფული ელექტრულ სედანზე ჰქონდა გაკეთებული. მათ თავიანთი წინასწარი შენატანი სწორედ „მოდელ X-ზე“ გადაამისამართეს. თუმცა, ამის მიუხედავად, სედანზე შეკვეთების რაოდენობა მაინც 30 პროცენტით გაიზარდა.
თავის მყიდველს, „ტესლა“ ქროსოვერ „მოდელ X-ს“ სამი მოდიფიკაციის სახით შესთავაზებს. მათგან ერთი წინაამძრავიანია და მას ერთი ელექტროძრავი ემსახურება. მეორე სრულამძრავიანია, ორი ძრავით. მესამე კი ასევე სრულამძრავიანი, ოღონდ უკეთესი ტემპერამენტით - ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 4.4 წამი ეყოფა.
ამასთან, თითოეული მოდიფიკაციისთვის, აკუმულატორების ორი ტიპის ბლოკია გათვალისწინებული. ერთის ტევადობა 60 კილოვატსაათია, მეორისა კი - 85 კილოვატსაათი. პირველის გამოყენების შემთხვევაში, სვლის სიშორე 368 კილომეტრია, მეორისა კი - 480 კილომეტრი.
„მოდელ X-ის“ წარმოება 2013 წელს უნდა დაიწყოს, მის მიწოდებას კი „ტესლა“ 2014 წლიდან შეუდგება. რაც შეეხება ფასს, ავტომობილის საბაზო ვერსია (60-კილოვატსაათიანი აკუმულატორით) 67 400 დოლარი ეღირება, სრულამძრავიანი კი - 77 400 დოლარი. ამ ფასებს კი ფედერალური შეღავათი (7 500 დოლარი) დააკლდება.

No comments:

Post a Comment